როგორ შევმატოთ სააღდგომო სუფრას ხასიათი: სალომე დადუნაშვილის რჩევები | Dressup.ge
ამ ბლოგში ინტერიერის დიზაინერი სალომე დადუნაშვილი გვიყვება, როგორ ანახლებს სააღდგომო სუფრას და რას გვირჩევს იმისთვის, რომ ინტერიერის დახმარებით მეტი სილამაზე შემოვიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სილამაზეზე საუბრისას სალომეს ბავშვობა ახსენდება. ეს არის დრო, როცა ბებიასთან ერთად ძველი თბილისის ქუჩებში სეირნობდა და დაბინდებისას, განათებულ ფანჯრებს მიღმა, სხვადასხვა დეტალს აკვირდებოდა. ხან ჭერს უყურებდა, ხან ჭაღს ან ლამპას, ხანაც ყვავილებს და რაფაზე მჯდომ კატას.
“...ჩემთვის ჩემი გემოვნებისა და პრეფერენციების ჩამოყალიბებაში მთავარი დრო ალბათ ბავშვობაა. იქ ნანახი, გაგონილი და დაგროვილი შეგრძნებები...”
ამიტომ სალომე გვირჩევს, ბავშვებს მეტი თავისუფლება მივცეთ და მათი ყურადღება სილამაზესა და დეტალებზე მივმართოთ. ამას მნიშვნელობა აქვს როგორც უცხოეთში მოგზაურობისას, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ყოფნის დროსაც. მისი აზრით, ასეთი გამოცდილება პატარებს მომავალში დაეხმარებათ, ხელოვნებასთან ურთიერთობისას მეტი დადებითი ენერგია მიიღონ და თვალსაწიერიც გაიფართოვონ.

როგორ აისახება თქვენი ხასიათი იმ სივრცეზე, რომელსაც შინ აწყობთ?
სალომე სახლისთვის განკუთვნილ თითოეულ ნივთს ზედმიწევნით და ფაქიზად არჩევს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ნივთი ჰარმონიულად ერწყმოდეს უკვე არსებულ გარემოს და იმ დეტალებს, რომლებმაც დროს გაუძლეს და დიდი ხანია მასთან ერთად „სახლში ცხოვრობენ”.
ასევე განსაკუთრებით უყვარს კონტრასტებით თამაში. სწორედ ამიტომ, ნივთის შერჩევისას თუ სადღესასწაულო სუფრის გაწყობისას, ყურადღებას ამახვილებს როგორც ნივთის ხასიათზე, ისე ფერებზე. მისი აზრით, ექსცენტრიული და იუმორის მატარებელი დეკორი ინტერიერს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს და კონტრასტების შესაქმნელადაც ძალიან ეფექტურია.
“მე მიყვარს კონტრასტების შექმნა და ისეთი ნივთები, რომლებსაც იუმორის ელემენტიც აქვს და ცოტა ექსცენტრიულიცაა. მაგალითად, ძალიან მომწონს ეს პინგვინებიანი დოქები, რადგან ყველაფერი, რაც შეხებისას ღიმილს გგვრის და კარგ ხასიათზე გაყენებს, კარგი ნივთია.”

დიზაინერის თქმით, გამორჩეული და დასამახსოვრებელი სუფრის შექმნა შესაძლებელია მაგიდის გადასაფარებლისა და თეფშების კონტრასტული ფერების შეხამებით. ამიტომ მისი მთავარი რჩევაა, არ შეგვეშინდეს ფერებით თამაშის. მაგალითად, თუ მკვეთრი ფერის გადასაფარებელს ვირჩევთ, თეფში უფრო სადა შეიძლება იყოს, რათა სუფრა ვიზუალურად დაბალანსებული და ამავე დროს საინტერესო გამოვიდეს.
საგაზაფხულო განწყობა და აღდგომა, როგორც განახლების დრო
როდესაც სადღესასწაულო სუფრის მოწყობაზე იწყებს ფიქრს, სალომესთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ხშირად კონკრეტული განწყობა და სეზონია. აღდგომა მისთვის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული არ არის. ეს დრო გაზაფხულსაც უკავშირდება, ამიტომ ფიქრობს, რომ სადღესასწაულო სუფრაზეც აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე, სიმსუბუქე და განახლება.
ამ ეფექტს იგი ყველაზე ხშირად ყვავილებითა და ჯეჯილით ქმნის. ამიტომ სააღდგომო სუფრის მოწყობას, კვერცხისა და პასკის გვერდით, სწორედ ყვავილებით იწყებს. რადგან განსაკუთრებით უყვარს ყვითელი ყვავილები, საგაზაფხულო სუფრას ხშირად ნარცისებითა და მიმოზებით აფორმებს. საბოლოო აქცენტისთვის კი გამჭვირვალე ლარნაკს ირჩევს. ასეთი ლარნაკი საშუალებას აძლევს, შიგნით ლიმონი, ფორთოხალი ან მანდარინი მოათავსოს და სუფრას კიდევ უფრო ცოცხალი, ნათელი და მხიარული დეტალები შემატოს.
რადგან აღდგომის პერიოდიც ახლოვდება, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება სწორედ სააღდგომო სადილსა და ვახშამზე შევაჩეროთ. როგორც სალომე დადუნაშვილი ამბობს, სუფრის გასახალისებლად ხშირად ერთი პატარა ნივთიც და ლამაზი თაიგულიც საკმარისია.
დახვეწილი და ამავე დროს სადღესასწაულო გარემოს შექმნისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენს განწყობასაც აქვს. საზეიმო ატმოსფეროსთვის სივრცის გადატვირთვა‹ სულაც არ არის აუცილებელი.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ტექსტილის, პატარა დეკორის და მცირე ფერადი აქცენტების დახმარებით გარემოს ძალიან მნიშვნელოვნად შეცვლა შეიძლება...”
სააღდგომო სუფრის ხასიათს ხშირად სწორედ პატარა დეტალები ქმნიან. ცოტა ფერი, ცოცხალი ყვავილები, ტექსტილი და ყურადღებით შერჩეული დეკორი საკმარისია იმისთვის, რომ დღესასწაულის განწყობა სახლში დახვეწილად და ბუნებრივად შემოვიდეს.