თუ ინტერნეტში ხანდახან მაინც შედიხარ ხოლმე, შეუძლებელია FX-ის ახალი სერიალი - “სიყვარულის ისტორია”, მასზე შექმნილი “მიმები”, განხილვები და სტატიები არ შეგხვედროდა. ცნობილი პროდუსერის, რაიან მერფის ბოლო პროექტი უმცროსი ჯონ კენედისა და ქეროლინ ბესეტის სიყვარულის ისტორიაზეა. მათი ტრაგიკული ბედის გარდა, სერიალი 90-იანების ნიუ იორკზე, მოდაზე, მინიმალიზმზე და “It Girl” კულტურაზე ყვება ამბავს.

არსებობს ქალის განსაკუთრებული ხასიათი, რომელიც 90-იანებმა შექმნა: ის მინიმალისტურად იცვამს და მონოქრომულ ფერებს იყენებს - სადა, კრემისფერ პალტოს, თეთრ პერანგსა და სწორ თარგზე მოჭრილ შარვალს ერთამენთს უხამებს და ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრში ყოფნას ერიდება. ეს ქალი, რა თქმა უნდა, ქეროლინ ბესეტია და მინიმალიზმი მას ერთმა ამერიკელმა დიზაინერმა - კელვინ კლაინმა ასწავლა

სანამ პაპარაცების კორიანტელი და ტრაგედია ერთად დატრიალდებოდა, ქეროლინ ბესეტი იყო უბრალოდ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოდის სახლ კელვინ კლაინში, გაყიდვების ასისტენტად მუშაობდა. როცა კომპანია დატოვა, უკვე დიზაინერის მარჯვენა ხელი იყო - ასეც იცმევდა: თეთრი პერანგები, გრძელი, შავი ქვედაბოლოები, აქლემისფერი პალტო - არაფერი კონტრასტული და არაფერი ზედმეტი. ბესეტის სტილი ტოვებდა შთაბეჭდილებას, თითქოს ელეგანტურობა ცდას სულაც არ საჭიროებს და ის მისი ბუნებრივი მდგომარეობა იყო.

სწორედ ეს იყო 90-იანებში კელვინ კლაინის კოლექციების მიზანიც. 80-იანების მაღალი მხრების, ბრჭყვიალა კაბებისა და ზოგადი სიჭარბის შემდეგ, კლაინმა მოდის მოყვარულებს რადიკალური მინიმალიზმი შესთავაზა. მისი 1990 წლის კოლექცია ნიუ იორკ თაიმსმა შეაფასა როგორც: “მშვიდი, უბადლო და თითქმის იდეალური”, ვოგმა კი მაშინვე შერაცხა “კლასიკად”. კელვინ კლაინის 90-იანების ჩვენებებში მომდგარი კაბა-პერანგები, უზადოდ დამუშავებული ქსოვილები, ირიბი ჭრები დომინირებდა. თავად დიზაინერი ამბობდა, რომ დეკორაციით არ იყო დაინტერესებული და მხოლოდ სრულყოფილებას ეძებდა. 

განსაკუთრებულ კოლექციებს შესაფერისი მარკეტინგული კამპანიები მოყვა. ყველაზე კარგად კელვინ კლაინში ესმოდათ, რომ ტანსაცმელი სტილის უბრალო შემადგენელია და მთავარი თავდაჯერებული განწყობაა. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ სარეკლამო რგოლებისა და ფოტოების გადაღებისას: 1992 წელს, კლაინმა ჯერ კიდევ უცნობი ქეით მოსი, მარკ უოლბერგთან ერთად, საცვლების კამპანიის სახედ შეარჩია. ინტიმურობა, “დაუმუშავებელი” ფოტოები, ბუნებრივი მაკიაჟი, მინიმალიზმი - ყველაფერი ნაკლები გლამურისა და მეტი რეალიზმისკენ მიუთითებდა. კელვინ კლაინმა ეპოქის განწყობა სწორად დაიჭირა და მას კულტურული მნიშვნელობა მიანიჭა. რაც 10 წლის განმავლობაში შექმნა, უბრალოდ ბრენდი არ ყოფილა, ეს იყო დიზაინის თავისებური ხედვა, რწმენა იმისა, რომ ყველაზე საინტერესო, რაც შეიძლება ადამიანმა “ჩაიდინოს” არის ელეგანტურად ჩაცმა, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. 

კელვინ კლაინის ამ შეხედულებას მოდაზე ყველაზე კარგად ქეროლინ ბესეტი ითავისებდა და მას თან ატარებდა ყველგან: კელვინ კლაინის ოფისში, ნიუ იორკის წვეულებებზე, თუ ამერიკის ყველაზე ცნობილ ურთიერთობაში. მოდის ჟურნალისტების ნაწილი დღემდე მიიჩნევს, რომ სადა სილუეტებსა და მონოქრომულ პალიტრას ქეროლინი პაპარაცების ჭარბი ყურადღებისგან დასამალად იყენებდა. ასე გახდა გარდერობი, მისი “აბჯარი”, ხელწერა და მემკვიდრეობა.

თუმცა, ფაქტია რომ ბესეტის კლაინისეულ მინიმალიზმში იყო რაღაც (je ne sais qoui), რაც არ იმალებოდა - პაპარაცებს, პოპ-კულტურის მიმომხილველებსა და მოდის მოყვარულებს მისი მოხდენილობა არასოდეს რჩებოდათ ყურადღების მიღმა. ქეროლინ ბესეტისა და კელვინ კლაინის მინიმალიზმი ქარიზმის, ელეგანტურობისა და თავდაჯერებულობის ხმამაღალი განცხადება იყო. 

კელვინ კლაინის მინიმალიზმი ახლაც ისე მოხდენილად გამოიყურება, როგორც 90-იანებში - სიმბოლურია, რომ მისი ელეგანტურობა ახალმა თაობამაც CK-ის საუკეთესო ელჩის, ქეროლინ ბესეტის წყალობით აღმოაჩინა. 

Calvin Klein-ის ლეგენდარული სილუეტების: ჯინსების, საცვლებისა და ქურთუკების შეძენა სითი მოლი საბურთალოს, გალერია თბილისისა და ბათუმის Grand Mall-ში შეგიძლია.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას