როგორია ყველაზე ტრენდული აქსესუარები 2026 წლისთვის?

შემოდგომა-ზამთრის მოდის კვირეული ნათლად იმის დემონსტრაცია იყო, რომ 2026 წელი აქსესუარების წელი იქნება. თუ ბოლო წლების განმავლობაში მოდის სამყარო „ჩუმი ფუფუნების“ მინიმალისტური წესებით ხელმძღვანებლობდა, წელს მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და, რაც დრო გადის, სულ უფრო აქტიურად იყენებს მაქსიმალისტურ ელემენტებს. 

როგორც Vogue-ის რედაქტორები აღნიშნავენ, მოდა უფრო „უცნაური“ და ინდივიდუალისტური ხდება. ამ ახალ რეალობაში, თვალშისაცემი აქსესუარები ხშირად ლუქის მთავარი ელემენტია. თუ გაინტერესებს, რა არის მოდაში 2026 წელს და როგორ ჯობია ახალი ტრენდების დახმარებით გაამდიდრო შენი აქსესუარების კოლექცია, ეს გზამკვლევი შენთვისაა. ხოლო, თუ უკვე იცი, როგორი შტრიხები გსურს შემატო შენს გარდერობს, გვეწვიე Dressup.ge-ს ონლაინ მაღაზიაში, ჩვენთან აუცილებლად აღმოაჩენ საინტერესო ვარიანტებს.

რა არის მოდაში 2026 წელს? მთავარი ტრენდები აქსესუარებში

2026 წლის მოდური აქსესუარები წესების დარღვევაზეა ორიენტირებული. პოპულარულია, მაგალითად, აქსესუარების ახლებური და ორიგინალური დანიშნულებით გამოყენება.

ქამრებში, მაგალითად, ორი უკიდურესობა გამოიკვეთა - ან უტილიტარიზმზეა აქცენტი, ან სრულიად „უსარგებლოა“ და მხოლოდ დეკორატიულ როლს თამაშობს. Harper’s Bazaar წერს, რომ ქამრებს ხალხი არა მხოლოდ უნდა ხედავდეს, არამედ “ესმოდეთ” კიდეც მათი. ანუ ტრენდულია ქამრები, რომლებიც მეტალის ხმაურიანი ელემენტებითაა გაფორმებული და გამოიყურება როგორც სამკაულის ჰიბრიდი - მაგალითად, ბრენდის მასიური ლოგოები ბალთების მაგივრად (როგორც Chloe-ს ცნობილი ქამარი) ან ჯაჭვებიანი მოდელები, რომლებიც უფრო მოსართავია, ვიდრე ფუნქციური ატრიბუტი.

პოპულარული პროგნოზის მიხედვით, ქალის აქსესუარების ტრენდები 2026 წელს კრეატიულ მიდგომაზე გააკეთებს აქცენტს: მაგალითად, კლასიკური აბრეშუმის შარფი 2026 წელს შემოხვეულია ყველგან და ყველაფერზე, მაგრამ, არა სტანდარტულად - კისრის გარშემო. ხშირად იყენებენ როგორც ტოპს (Calvin Klein, Marina Moscone), ჩანთის დეკორაციას, ან თმის სამაგრს.

რაც შეეხება მამაკაცის აქსესუარების ტრენდებს, 2026 წელს მთავარი ტრენდი საქმიანი სტილის გადააზრებაა. ჰალსტუხი ბრუნდება, მაგრამ არა სტანდარტული, მკაცრი “საოფისე” ფორმით, არამედ უფრო აგდებულად - ატარებენ პერანგში უსწორმასწოროდ ჩატანებულს (Saint Laurent) ან სულაც პიჯაკის ჯიბეში, ცხვირსახოცივით (Ferragamo).

ასევე, მამაკაცის ჩანთებსა და ქამრებში აქტიურად იყენებენ „საპლაჟე“ მასალებს, როგორიცაა რაფია (ჩალა) და ნაქსოვ დეტალებს, რაც სტანდარტულად მკაცრ “საქმიან” სტილს დაუდევრობის ელემენტს სძენს. მაგალითად, ნაქსოვი მამაკაცის ქამარი იდეალურად დააბალანსებს კლასიკურ შარვალს.

ჩანთების ტრენდები 2026 წლისთვის: ფუნქციურობისა და ტექსტურის ბალანსი

ჩანთების მოდა 2026 წელს არ აღიარებს ერთი კონკრეტული „It-Bag“-ის არსებობას. არჩევანი იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, რა გჭირდება და შენს სტილს რა უხდება. პოპულარულია როგორც ულტრა-პრაქტიკული მასიური ტოუტები, ისე სრულიად უფუნქციო, დეკორატიული კლატჩები.

განსაკუთრებით ტრენდულია „ქაოს-კორ“ უტილიტარული ჩანთები - Prada-მ და Miu Miu-მ ჩვენებებზე კლასიკურ ტოუტებზე უარი თქვეს და ფუნქციურობა დეკორაციად აქციეს. წარმოიდგინე ბევრი ჯიბე, საკიდები, თილისმები და გასაღების რგოლები, რომლებიც პირდაპირ ჩანთაზეა დამაგრებული. იდეა იმაშია, რომ სტრუქტურული, ტევადი კლასიკური ფორმა შენარჩუნდეს მაგრამ სამახსოვრო (edgy) დეტალებით გამდიდრდეს.

წელს ასევე აღსანიშნია ტექსტურებზე განსაკუთრებული აქცენტი. ჩანთა არა მხოლოდ ლამაზი და მოხერხებული, არამედ სასიამოვნო შესახებიც უნდა იყოს. ტრენდშია ყველაფერი: ფოჩები, ბუმბულები, ნაქსოვი დეტალები, რომლებსაც Fendi-სა და Bottega Veneta-ს ჩვენებებზეც ვხედავდით. აქტუალურია ზამში, რომელიც Chanel-სა და Dior-შიც კი გამოჩნდა. ერთი სიტყვით, მართალია მთავარი აქცენტი ინდივიდუალიზმზეა, მაგრამ თუ გვაიძულებენ გამოვყოთ ერთი მთავარი ტრენდი, ეს ალბათ კლასიკური, მკაცრი სტრუქტურის, მაგრამ თანამედროვე, „გიჟური“ შტრიხებით გაფორმებული ქალის ჩანთა იქნება.

სამკაულების ტრენდები 2026 წლისთვის: ანატომიური მაქსიმალიზმი

დაივიწყე მოკრძალებული მინიმალიზმი. სამკაულების ტრენდები 2026 წელს მკვეთრად „ანატომიური მაქსიმალიზმისკენ“ იწყებს გადახრას - ყველაზე შთამბეჭდავი და მოდური ის სამკაულებია, რომელიც სხეულის მოულოდნელ ნაწილებზე ჩნდება.

მაგალითად, მოდაში ტრიუმფით ბრუნდება გულსაბნევი (ბროში), ოღონდ მას, როგორც ქამარს, არასტანდარტული ფორმით იყენებენ. Chanel-ის კლასიკური მასიური, ყვავილის ფორმის ბროშების პარალელურად, რამდენიმე ჩვენებაზე ვიხილეთ პირდაპირ ფეხსაცმელზე მიმაგრებული სამკაულები. რაც უფრო ორიგინალური იქნები, მით უკეთესი.

აქტუალურია მასიური, სკულპტურული სამაჯურები, რომლებიც არა მხოლოდ მაჯაზე ჩნდება. მაგალითად Louis Vuitton-სა და Tom Ford-ის ჩვენებებზე ის ზედა მხარზე ვიხილეთ. 

რაც შეეხება მეტალს, Elle გვარწმუნებს, რომ ჩუმი ფუფუნების ტრენდის დაღმასვლასთან ერთად კომპასის ისარი ნატიფი ოქროდან ვერცხლისკენ გადაიხარა. 2026 წელს მასიური, თამამი ფორმების ვერცხლის სამკაული ნებისმიერ ლუქს უფრო ტრენდულ სახეს მისცემს. თუ სხვა მეტალები არ გეთმობა, არაა პრობლემა - თუ მეტალების არევა (ოქრო, ვერცხლი, პლატინა) ადრე წესების დარღვევად ითვლებოდა, ახლა, პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდია.

მზის სათვალეების ტრენდები 2026 წლისთვის: ჩაიცვი, როგორც ფილმის მთავარმა გმირმა

ყველაზე მოდური სათვალეებად 2026 წელს ის მოდელები ითვლება, რომლებიც მკაფიოდ უსვამენ ხაზს შენი ხასიათის ყველაზე ორიგინალურ შტრიხებს. მოდის ექსპერტები ამ ტრენდს „კინემატოგრაფიულ მზერას“ უწოდებენ: ჩარჩოს არჩევით, ფაქტობრივად, ირჩევ პერსონაჟს, რომლის როლის მორგებაც გინდა.

  • რომანტიკული კომედიის მთავარი გმირი:  თუ რომანტიკული და ნოსტალგიური სტილი მოგწონს, მაშინ დელიკატური, მსუბუქი მოდელები შეარჩიე. ასეთი ჩარჩოები - უმჯობესია კლასიკურ tortoiseshell ფერში - იდეალურია გამომეტყველებისთვის (და, საერთოდ, ლუქისთვის) სინაზის შესამატებლად.

  • იდუმალი „ფატალური ქალი“: მათთვის, ვისაც უფრო სამახსოვრო, დრამატული შთაბეჭდილების მოხდენა უნდა, იდეალურია „კატის თვალის“ ჩარჩოები. მაგალითად, ექსტრემალურად წვეტიანი მოდელები სერიოზულ შავ ფერში მაქსიმალური „თავდაჯერებულობის სიგნალია“.

  • ფუტურისტული უცხოპლანეტელი: ფანტასტიკის/საი-ფაის ელემენტს მატებს ლუქს ნიღბისებრი, ულტრა-დიდი მოდელები და ოპტიკური მინები სარკისებრი ეფექტით. მოდის ექსპერტები ასეთ სათვალეებს მაღალი მოდისა და ექსტრემალური სპორტის ესთეტიკის შერწყმას უწოდებენ.

  • ინტელექტუალი: თუ შენთვის ყველაზე მოდური მაინც კლასიკაა, მაშინ წელს იმ მოდელებს მიაქციე ყურადღება, რომლებიც 90-იანი წლების მინიმალისტურ ესთეტიკას უბრუნდებიან. ელეგანტური ოვალური ჩარჩოები, რბილი, გამჭვირვალე ფერები, რომელიც ხაზს უსვამს „თავშეკავებულ სიმშვიდესა“ და „დახვეწილ გემოვნებას“.

რა თქმა უნდა, კლასიკაც არ კარგავს აქტუალობას - ოვერსაიზ მზის სათვალე, როგორც შარშან, ისე წელსაც აქტუალური რჩება. ეს თან დაუდევარი და თან გლამურული მოდელები უკვე წლებია უკვდავ კლასიკად ითვლება და ჯერჯერობით ამ პოზიციას ტრენდებს არ უთმობს.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას