ავდარში გამოცდილი სტილი, ანუ როგორ იქცა Barbour-ი ბრიტანული მოდის ლეგენდად

რა შეიძლება აერთიანებდეს არისტოკრატიასა და ანარქიას, ბალმორალის სასახლესა და გლასტონბერის ფესტივალს, ელიზაბეტ მეორესა და ალექსა ჩანგს? სულ ორი რამ: ბრიტანეთი და Barbour-ის გასანთლული საწვიმრები. თავის მხრივ, ეს ორი რამ უერთმანეთოდ წარმოუდგენელია - მოგეხსენებათ, როგორც კარგი მეგობარი გასაჭირში, ზუსტად ისე გამოიცდება პრაქტიკული საწვიმარი თავსხმა წვიმაში. მზიანი ბრიტანეთი კი აბა ვის გაუგონია? წვიმა და მასთან თანაცხოვრება ბრიტანული იდენტობის ის ნაწილია, რომელიც ადვილად ჟონავს  ლიტერატურაში, მუსიკაში, მოდასა და ზოგადად კულტურაში. სწორედ ეს ყოვლისმომცველობა, საერთოობა და ხარისხი აქცევს Barbour-ს ყველა მოდაზე შეყვარებული ადამიანის გარდერობის შეუცვლელ ნივთად. ავდარდთან გამკლავება - ანუ, Barbour-ის ტარება ბრიტანული კულტურისა და მოდის ლეგენდებსაც სჭირდებათ:

მისი უდიდებულესობა Beaufort

Barbour-თან დაკავშირებული ლეგენდებიდან ყველაზე ცნობილი, მოგვითხრობს რამდენად უყვარდა ელიზაბეტ მეორეს თავისი 1982 წელს შექმნილი Beaufort-ი - იმდენად, რომ ბრენდმა სასახლიდან უარი მიიღო შეთავაზებულ განახლებულ კოლექციაზე. როგორც აღმოჩნდა, დედოფალს ერჩივნა ძველი ქურთუკი რამდენიმე წელიწადში ერთხელ თავიდან გაესანთლა - გაეახლებინა. ასე აქცია Barbour-ი დედოფალმა “ანტი-მოდად”, ავთენტურობის სიმბოლოდ, ერთგვარ მტკიცებულებას იმისა, რომ ისიც ჩვეულებრივი, პრაქტიკულობის მოყვარული ბრიტანელია, რომელსაც უბრალოდ ცუდ ამინდში კომფორტი სჭირდება და ტრენდები საერთოდ არ აინტერესებს. ასე იქცა Barbour-ი ბრიტანული მამულების ესთეტიკად.

80-იანი წლებიდან დღემდე,  Barbour-ი დედოფალთან ერთად, ბრიტანული სამეფო ოჯახის ყველა თაობის პრაქტიკულობისა და ბუნებასთან სიახლოვის სიმბოლო გახდა. Barbour-ი ეცვა პრინცესა დიანასაც და ხშირად დანარჩენ სამეფო ოჯახთან მხოლოდ ქურთუკის ბრენდი და მისი ტარების მანერა ჰქონდა საერთო.

პრინცესა დიანას შოტლანდიაში ვიზიტისას გადაღებულ, ლეგენდარულ ფოტოებს გასანთლულ Barbour-ის ლაბადაში უფრო ხშირად მაშინ აქვეყნებენ, როცა პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი თავიანთ Barbour-ის ქურთუკებში სტუმრობენ შოტლანდიას. მოდის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ უკვე წლებია პრინცი უილიამი არაფორმალურ შეხვედრებზე მწვანე ზეთისხილისფერ ქურთუკს ველვეტის ნაჭრის შარვლებსა და ბოტებს უხამებს.

ალექსა ჩანგი - Barbour It Girl

ყველას, ვინც თინეიჯერობაში ინდი როკს უსმენდა, ან მოდით იყო დაინტერესებული, აუცილებლად ემახსოვრება Tumblr-ზე უთვალავჯერ გაზიარებული, ალექსა ჩანგის ლუქები გლასტონბერის ფესტივალიდან - Hunter-ის ბოტები, Barbour-ის გასანთლული ქურთუკი, მუხლს ზემოთ ამოწეული გეტრები და როკსტარი შეყვარებული. ალექსას “საიდუმლო”, მაღალი მოდის ექსტრავაგანტული ტანისამოსის - მაგალითად, ვინილის შარვლის, პრაქტიკულობით დაბალანსება იყო. ეს უწყინარი ირონია, indie sleaze ესთეტიკის განმსაზღვრელი ხასიათი გახდა. ასე “იხსნა” მილენიალების მუზამ  Barbour-ი ბრიტანული მამულების ესთეტიკისგან. აალბათ, სწორედ ამიტომ, 2019 წელს Barbour-მა ალექსა ჩანგთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და მისი დიზაინით 4 სხვადასხვა სეზონზე გამოუშვა ტანისამოსი: ტრენდსმიღმა შექნილი, მუდმივად რელევანტურ ქურთუკები, სვიტრები და ბოტები  - რომელთა შემცვლელი არც დედოფლის, და არც როკსტარის შეყვარებულის კარადაში არ მოიძებნება.

სერ ბექჰემი

რთული სათქმელია სად უფრო მნიშვნელოვანია დეივიდ ბექჰემის ფიგურა - ინგლისურ ფეხბურთში თუ მსოფლიო პოპ-კულტურაში. მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას, რომლის ყველა ახალი ტატუ და ვარცხნილობა ჟურნალების პრიალა პირველ გვერდებზე ხვდებოდა, დღეს რადიკალურად განსხვავებული - ინგლისელი ჯენტლმენის სტილი აქვს მორგებული. მიუხედავად იმისა, რომ Barbour-ის ხასიათი 2000-იანების დასაწყისის პროვოკაციული დეივიდ ბექჰემისგან განსხვავდება, მისი სტილის მთავარი ღირსება - გულწრფელობა, ისევ აშკარაა. დეივიდ ბექჰემი კლასიკური ინგლისელი ჯენტლმენია - მეგობრობს გაი რიჩისთან, ცხოვრობს კოთსვოლდსში, ატარებს Barbour-ის გასანთლულ ქურთუკს, ჟილეტსა და ბოტებს.

ბრიტანული მოდის საკულტო გასანთლული ქურთუკების, ბოტების, ტანსაცმლისა და აქსესუარების მორგება და შეძენა Dressup-ის მაღაზიებში - Jeans Gallery ( სითი მოლი - ქავთარაძის ქ. 1; მერანი - რუსთაველის გამზ. 42; ბათუმი: გორგასალის ქ. 50) და Gallery Accent (ისთ ფოინთი).

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას