როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის?

როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის?

ლაშქრობაში მიდიხარ? სამოსი ისე შეარჩიე, რომ არც შეგცივდეს, არც ზედმეტად დაგცხეს და თავისუფლადაც იმოძრაო. სანამ ზურგჩანთას ჩაალაგებ, შეამოწმე ამინდი და სალაშქრო მარშრუტი. ამ ინფორმაციის დახმარებით მარტივად შეარჩევ საჭირო ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ეკიპირებას.

მარტივ ან საშუალო სირთულის მარშრუტზე ლაშქრობისთვის მომზადება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ასეთ ბილიკებზე არ დაგჭირდება პროფესიონალური ეკიპირება. მთავარია, ჩაცმულობა გარემოს მოარგო. ხოლო, თუ რამე დაგაკლდა, დიდი ალბათობით, რამდენიმე წუთში იპოვი Dressup.ge-ს ონლაინ მაღაზიაში.

რა ჩავიცვათ ლაშქრობისას?

თუ მზიან ამინდში ერთდღიან გასვლას გეგმავ, მსუბუქი ჰაერგამტარი მაისური და გამძლე მასალის შარვალი სრულიად საკმარისია. გრილ ამინდში კი ფენებად ჩაცმა უფრო პრაქტიკულია. ასეთი ლაშქრობისთვის შესაძლოა სპორტული ტანსაცმელი, რომელსაც დარბაზში ვარჯიშისას იცვამ. შერჩევისას ამინდს, მოძრაობის კომფორტსა და ქსოვილის შრობის სისწრაფეს მიაქციე ყურადღება.

მაგალითად, ზაფხულში ვარჯიშისთვის შექმნილი სპორტული ზედა დაარეგულირებს სხეულის ტემპერატურას და შეიწოვს ტენს, ამიტომ უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს სიარულისას. თუ მაღალმთიან მარშრუტზე მიდიხარ, ჩანთაში აუცილებლად ჩაიდე დამატებითი ზედა და საწვიმარი, სეზონის მიუხედავად, რადგან ამინდი დღის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.

თუ შეიძლება ლაშქრობაში ჯინსით წასვლა?

კი, მაგრამ არა ყოველთვის. გრილ ამინდში მარტივ ბილიკზე, რბილი, თავისუფალი ჯინსი შეიძლება ძალიან კომფორტული იყოს. ძალიან ცხელ ამინდში ან ნოტიო გარემოში რთულ მარშრუტზე სიარულისას კი სჯობს ელასტიკური ან თავისუფალი სპორტული შარვალი გეცვას. ასეთი შარვლები მაღალ ფიზიკურ დატვირთვაზეა გათვლილი. მთავარია, ზომა სწორად შეარჩიო. ლაშქრობამდე შეამოწმე მოძრაობისას ხომ არ გიჭერს: რამდენიმე დიდი ნაბიჯი გადადგი და ორჯერ-სამჯერ ჩაიმუხლე.

შეიძლება ლაშქრობაში შორტებით წასვლა?

თბილ ამინდში და მარტივ ბილიკზე თავისუფალი შორტი მშვენიერი არჩევანია. მთავარია, მოდელი წინასწარ მოისინჯო და დარწმუნდე, რომ სიარულისა და ჩამოჯდომისას არ გიჭერს. ქვა-ღორღიან ან ტყიან გარემოში კი გრძელი შარვალი უფრო პრაქტიკულია, რადგან კანს იცავს. გაითვალისწინე კლიმატიც. თუ მარშრუტი ტენიან, მცენარებიით მდიდარ გარემოზე გადის, უფრო მაღალია შანსი მწერმა გიკბინოს, ამიტომ ამ შემთხვევაშიც გრძელი შარვლის ჩაცმა ჯობია.

როგორ შევარჩიოთ ლაშქრობისთვის ფეხსაცმელი?

ფეხსაცმელი მარშრუტის შესაბამისად შეარჩიე. მარტივ მარშრუტებზე ხშირად სტანდარტული სპორტული ფეხსაცმელიც სრულიად საკმარისია. ხოლო თუ უფრო რთულ და გრძელ მარშრუტს შეეჭიდე, სადაც ციცაბო მონაკვეთები, ნაშალი ქვები და უსწორმასწორო ზედაპირია, ჯობს სპეციალური სალაშქრო ფეხსაცმელი გეცვას. ასეთ მოდელებს უკეთესი მოჭიდება და უფრო მყარი ძირი აქვს და უფრო სახიფათო ან სველ მონაკვეთებზე წონასწორობის დაცვაში დაგეხმარება.

არ ჩაიცვა ფეხსაცმელი პირველად უშუალოდ ლაშქრობის დღეს. მინიმუმ ორჯერ-სამჯერ ჩაიცვი ქალაქში, უმჯობესია მთელი დღით, თუ სამსახურის დრეს-კოდი ამის საშუალებას გაძლევს. დააკვირდი, სადმე ხომ არ გიჭერს ან გახეხავს. ასე ლაშქრობის დღისთვის გარანტია გექნება, რომ კარგად გერგება. თანაც დამატებით ოდნავ მოითელება და ფეხზე ზუსტად მოჯდება.

რა წავიღოთ ლაშქრობაში?

ლაშქრობაში ყოველთვის დაგჭირდება წყლის ბოთლი, პატარა ზურგჩანთა, მზის სათვალე და საწვიმარი (ან ქარგაუმტარი ქურთუკი).

თუ ზაფხულში ერთდღიან ლაშქრობაზე მიდიხარ, შეგიძლია მაქსიმალურად მსუბუქად წახვიდე: წყალი, მზის სათვალე, ქუდი, მზისგან დამცავი, პატარა წასახემსებელი და მოსაცმელი სრულიად საკმარისია.

თუ გარდამავალ სეზონზე აპირებ მთაში ასვლას, თან რამდენიმე დღით, მაშინ ზურგჩანთის ჩალაგებას უფრო საფუძვლიანად უნდა მიუდგე. ჩაალაგე რამდენიმე ხელი ტანსაცმელი, თან ეცადე, რომ დამატებითი ფენები დაკეცვისას რაც შეიძლება მცირე ადგილს იკავებდეს. ასევე დაგჭირდება გამოსაცვლელი ფეხსაცმელი. კარგი იქნება, თუ გექნება მცირე აფთიაქიც: პლასტირები, დეზინფექტორი, ანტიჰისტამინური გელი მწერის ნაკბენისთვის, ტკივილგამაყუჩებელი და ა.შ.

ზურგჩანთაში ლაშქრობისთვის საჭირო ნივთები ისე ჩაალაგე, რომ წყლის ბოთლი, სათვალე და მოსაცმელი ხელთან ახლოს გქონდეს და მათი ამოღებისას მთელი ჩანთის გადაქექვა არ მოგიწიოს.

ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა წავიღოთ ერთდღიან ლაშქრობაში?

წყლის ბოთლი, პატარა ზურგჩანთა, მზის სათვალე, მშრალი, ენერგიით მდიდარი საკვები (თხილი, ჩირი, შოკოლადი და ა.შ.) და დამატებითი ზედა ფენა.

რა ჩავიცვათ მთაში?

თან გქონდეს დამატებით სამი ფენა: მსუბუქი საბაზისო ზედა, თბილი დამატებითი ზედა და ნალექისგან დამცავი გარე სამოსი. მიუხედავად იმისა, რას ამბობს ამინდის პროგნოზი, ყოველთვის გედოს ჩანთაში კომპაქტური საწვიმარი. მთაში ამინდი ცვალებადია და მაღალია შანსი მოულოდნელად წამოწვიმოს.

როგორ შევარჩიოთ სალაშქრო ფეხსაცმელი?

მარტივი ბილიკისთვის კლასიკური კეტი და ბოტასი ხშირად სრულიად საკმარისია, რთული რელიეფისთვის კი ჯობია სპეციალური სალაშქრო მოდელი აირჩიო, რომელსაც მყარი ძირი და კარგი მოჭიდება აქვს.

რა ჩავიცვათ ლაშქრობისთვის წვიმიან ამინდში?

საუკეთესო არჩევანია სპეციალური მასალისგან შექმნილი სპორტული სამოსი, რომელიც მალე შრება. თან იქონიე კომპაქტური საწვიმარი, რომლის მოცმასაც უცებ შეძლებ ამინდის ცვლილებისას.

როგორ მოვემზადოთ პირველი ლაშქრობისთვის?

კარგად გაეცანი სალაშქრო რეკომენდაციებს სპეციალურად დამწყებთათვის. ჰკითხე რჩევა სალაშქრო გუნდის გამოცდილ წევრებს. დარწმუნდი, რომ არჩეული სამოსი და ფეხსაცმელი ნამდვილად კომფორტულია და რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ არ მოგიჭერს. კარგი იქნება, თუ ჯერ ქალაქში გაისეირნებ იგივე ეკიპირებით.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას