Atrio | რუსო - ქართული ფეხსაცმლის ბრენდი MICAM Milano-ზე დაბრუნდა

MICAM Milano - ფეხსაცმლის ინდუსტრიის მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე იმართება მილანში, იტალიური მოდის დედაქალაქში. გამოფენა 1962 წლიდან ფეხსაცმლის ბრენდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა - აქ ახალ ბაზრებთან ერთად, ახალი შესაძლებლობები იხსნება, ტენდენციები იბადება და თანამშრომლობები ყალიბდება. თებერვლის ბოლოს გამართული MICAM 101-ის ფარგლებში, გამოფენაში 795 ბრენდი მონაწილეობდა - მათ შორის 402 საერთაშორისო და 393 იტალიური, ხოლო მიწვეული “ბაიერების” რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგდა. სტატისტიკა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოფენის სტრატეგიულ მნიშვნელობას ფეხსაცმლის გლობალური ინდუსტრიისთვის.

ამ პრესტიჟულ პლატფორმაზე, მსოფლიოს ფეხსაცმლის ინდუსტრიის გიგანტებთან, კვლავ მოხვდა ქართული ბრენდი Atrio | რუსო - რომელმაც გამოფენაზე ახალი კოლექცია წარადგინა. ბრენდმა ქართული ხელოვნების ტრადიციებითა და თანამედროვე დიზაინის ესთეტიკით შთაგონებული მოდელები MICAM 101-ის ვიზიტორებს - მსოფლიოს ათასობით მყიდველს, ინდუსტრიის ლიდერსა და მედიის წარმომადგენელს გააცნო.

დიზაინერ რუსო დანელიასა და პრემიუმ მულტი-ბრენდული მაღაზია Atrio-ს კოლაბორაციით შექმნილი ქალის ფეხსაცმელის ახალი კოლექცია - PRECISION IN CHAOS - ცდილობს მოიხელთოს სილამაზე ზუსტად იმ მომენტში, როცა სიმარტივე იმსხვრევა.  სილამაზე, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც დისციპლინა, განზრახვა და ხელოვნება ბუნებრივად არაპროგნოზირებად სამყაროში თანაარსებობს. აქ არაფერია შემთხვევითი და არაფერია სრულყოფილი. თითოეული წყვილი ხელნაკეთი პარადოქსია: სიმეტრიული ქაოსი.

„წელს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ქართულ პრემიუმ ბრენდს შეუძლია მსოფლიო სცენაზე სრულფასოვნად იდგეს. ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო შორს წავიდეთ." - რუსო დანელია, დიზაინერი

Dressup-ი განსაკუთრებული სიამაყით უჭერს მხარს Atrio | რუსო-ს. გვჯერა, რომ ქართულ ბრენდებს აქვთ რესურსი დაიმკვიდრონ ადგილი მოდის საერთაშორისო ბაზარზე და MICAM, როგორც ინდუსტრიის პულსი, სწორედ ის სივრცეა, სადაც ქართული დიზაინი მსოფლიომ უნდა გაიცნოს.

აღსანიშნავია, რომ მილანში წარდგენილი კოლექციები უკვე საქართველოში, Atrio-ს მაღაზიებშიც ხელმისაწვდომია. ახალი კოლექციები სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციებით არის გაჯერებული - ეს ის ფეხსაცმელია, რომელიც ამ სეზონზე მსოფლიო მოდის ინდუსტრიას განსაზღვრავს. 

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას