როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ნივთები - შეფ-მზარეულის რჩევები - ლაშა რამიშვილი X Dressup.ge

ამ ბლოგში შეფ-მზარეული ლაშა რამიშვილი გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ არჩევს ნივთებს სამზარეულოსთვის. იგი გვიყვება, რა დეტალებს უნდა მიაქციონ ყურადღება კულინარიის ენთუზიასტებმა და ახალგაზრდა მზარეულებმა საკუთარი უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად.

მართალია, ლაშას კულინარიისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდა, თუმცა, თავიდან სხვა პროფესიას გაჰყვა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აირჩია. მალევე გაიაზრა, რომ კულინარია ის საქმე იყო, რისი კეთებაც უნდოდა და პროფესიაც შეიცვალა.

“მცირე ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული კულინარიით, სულ ინტერესით ვუყურებდი დედაჩემს და ბებიაჩემს როცა დიდი სუფრისთვის ამზადებდნენ. სამწუხაროდ, თავიდან არ მაკეთებინებდნენ, რადგან „კაცის საქმე არ იყო,” მაგრამ მერე დამოუკიდებლად დავიწყე კეთება.”

შეფი, მართალია, საინტერესო რეცეპტებს უზიარებს თავის გამომწერებს, თუმცა, როცა დაღლილია, ყველაზე მეტად ომლეტის მომზადება უყვარს და საკუთარ თავს სხვა განსაკუთრებული კერძებითაც დიდად არ ანებივრებს.