ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოდაში უფრო და უფრო მეტი ფერი შემოდის. თუ აქამდე მონოქრომული ლუქები და, ხშირად, მუქი ფერები იყო ტრენდული, დღეს ეს ტენდენცია სრულიად შეცვლილია. 2024 წლის განმავლობაში კი ცნობილი ბრენდების კოლექციებსა და მოდის „ინფლუენსერთა“ გარდერობებს განსაკუთრებით ბევრი ფერი შეემატა. ამ ბლოგში განვიხილავთ 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის წამყვან ფერებსა და მათი სტაილინგის შესაძლებლობებს.
1. Butter Yellow
პასტელური, თბილი ყვითელი ცალსახად სეზონის წამყვანი ფერია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფერი შედარებით ახალი სიტყვაა ყოველდღიური მოდის სამყაროში, ის მალევე იქცა სეზონის მთავარ ვარსკვლავად. გამომდინარე იქიდან, რომ მისი თბილი, ნეიტრალური ტონალობა სტაილინგის ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა, პასტელურ ყვითელს ამ სეზონზე შევხვდებით თითქმის ყველა ფორმით. იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა, თუ, ეგრეთ წოდებული, “statement” სამკაული.
როგორ დავასტაილინგოთ:
პასტელური ყვითელი შეგიძლიათ შეუხამოთ ბეჟ ტონალობებს, რითიც მიიღებთ მონოქრომული ლუქის გადახალისებულ, ახლებურ ვერსიას. ეს კომბინაცია იდეალურია სადა, მარტივი და დახვეწილი ლუქის შესაქმნელად.
თუ წელს თქვენც ფერებს ანიჭებთ უპირატესობას, პასტელური ყვითელი არც ამ შემთხვევაში გაგიცრუვებთ იმედს. მისი კომბინაცია ღია ცისფერთან ან ვარდისფერთან გაზაფხულის განსაკუთრებულ ხასიათს შექმნის. გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ფერი შედარებით ჩამქრალი და ბაცია, არცერთი მათგანი არ ყვირის და, პირიქით, მათ შორის არსებული კონტრასტი ქმნის იდეალურ ჰარმონიას და, რაც მთავარია, უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.