ნინო ზვიადაური, 20 წელი საკუთარი საქმიანობის სიყვარულში
გახსოვთ ჯიმი ჰელპერტი „ოფისიდან“? მისი კარიერა გაყიდვების აგენტად დაიწყო, სერიების ბოლოს კი რეგიონალურ მენეჯერად მოგვევლინა.
ჩვენთან, „დრესაპის“ ოფისში კი ნინო ზვიადაური გვყავს, რომელიც უკვე 20 წელია იმ საქმის ერთგულია, რომელიც საციცოხლო ძალასაც კი მატებს.
ნინო „დრესაპში“ 2004 წელს გამოჩნდა, როდესაც მისმა მეგობარმა რეკომენდაცია გაუწია Levi’s-ის მაღაზიაში მუშაობა დაეწყო კონსულტანტის პოზიციაზე. იმ პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა პრაქტიკულ გამოცდილებას, ისევე როგორც პორტფოლიოში სპეციალური მომზადების კურსების არსებობას, ასეთი კი ჩვენს მთავარ პერსონაჟთან მრავალი იყო.
როგორც თავად ნინო იხსენებს, 2000-იანი წლების დასაწყისში Levi’s-ის ბრენდის ისტორიის მქონე მაღაზიაში მუშაობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა. თითქოს იმ პერიოდში ყველანი ერთ აზრზე იყვნენ შეჯერებულები, შესაბამისად კონსულტანტებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთპატივისცემა იგრძნობოდა. რამდენჯერმე ისეც ყოფილა, მადლობა მოუსმენია მაღაზიით აღფრთოვანებული სტუმრებისგან.
მოგეხსენებათ ჯინსები ყველგან, განსაკუთრებით კი საქართველოში თავისუფლების სიმბოლოდაა ქცეული. მაგრამ ცოტამ თუ იცოდა, რა განასხვავებდა ერთს მეორისგან, რას ნიშნავდა 501 ან რაიმე სხვა მოდელი და როგორ უნდა გაგვერჩია. თუმცა… თუმცა ეს პრობლემა არ არსებობდა ჩვენი მთავარი გმირისთვის. ისიც კი გვითხრა, რადგან არ არსებობდა ციფრული ტექნიკა ყველაფრის აღრიცხვა ჟურნალში ხდებოდა, ჩვენ კი კოდები სულ ზეპირად ვიცოდითო. თუმცა აქ როდი წყდება ყოველივე, ნინოს ცხოვრებაში იყო დღეები, როდესაც სამსახურის დასრულების მერე, თავის თანამშრომლებთან უსაუბრია, როგორ უნდა გაეხადათ სერვისი უფრო მაღალი დონის, როგორ განვითარებულიყვნენ და როგორ გადაედგან წინ ნაბიჯი.
თქვენც ამჩნევთ ხომ? შრომისმოყვარეობა და საკუთარი საქმის სიყვარული შეუძლებელია უყურადღებო დარჩეს. მრავალხსენებული Levi’s-ის მაღაზიასაც დაუდგა განახლების დრო, ახალი კონცეფციის შემუშავებასთან ერთად კი მაღაზიის ახალი მენეჯერიც გამოჩნდა ასპარეზზე და ალბათ არ გაგიკვრიდებათ თუ გეტყვით, რომ სწორედაც, ნინო ზვიადაური მოგვევლინა ამ პოზიციაზე.
„პირდაპირი გულწრფელობა, პერფექციონიზმი და კომუნიკაბელურობა (იუმორთან ერთად)“ ის სამი თვისებაა, რომელიც მან ინტერვიუს დროს გამოარჩია (ინტერვიუ კი მართლაც იყო გულწრფელობითა და იუმორით გაჯერებული). საკუთარ თავზე შრომა, ახალი გზების ძიება და რაც მთავარია, შეცდომებზე სწავლა. შეცდომები ყველას მოსდის, თუმცა როგორ გარდაქმნი ამ ყველაფერს წინ მამოძრავებელ ძალად, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. აღნიშნულ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას დაეფუძნა ნინოც და ნელ-ნელა კიდევ ერთ ახალ ეტაპამდეც მივიდა.
მიუხედავად იმისა, რომ სწავლაში ხელი არ ეშლებოდა და ბუღალტერიის მიმართულებით სხვადასხვა კურსი გაიარა, საბოლოოდ არჩევანი მაინც ცხოვრებისეულ სიყვარულზე, მოდაზე გააკეთა. სხვადასხვა ფილიალში წარმატებული მუშაობის შემდეგ გამოჩნდა შესაძლებლობა იმ პერიოდისთვის შედარებით ბუნდოვანი განმარტების მქონე პროფესიას, ბრენდ-მენეჯერობას დაუფლებოდა. ამას მალევე მოჰყვა მივლენებები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისგან უდიდეს ინფორმაციას იღებდა, იქნებოდა ეს ტრენინგის მეთოდები, მომსახურების ეტაპები, ე.წ. სახელმძღვანელოები, ჩაცმულობის აწყობის მასტერკლასები და სხვა. შეიძლება ითქვას, ნინოს ხელში გაიზარდა დრესაპული ბრენდ-მენეჯერის ცნება, თავად კი ამ პროცესებთან ერთად განაგრძობდა განვითარებას. დღესდღეობით მის ცხვოვრებაში კიდევ ერთ პოზიციურ დაწინაურებას, ბრენდის განვითარების მენეჯერობას შევხვდებით.
(ხუმრობების ნაწილს თუ დავუბრუნდებით, ინტერვიუს დროს ისიც გვითხრა, ისე მიყვარს ჩემი საქმე, ფაქტობრივად დაქორწინებულებიც კი ვართ ერთმანეთზეო)
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი გამოცდილება ჩაკეტილი წრე არ აღმოჩნდა. ყველა ადამიანს, ვისაც ნინოსთან თანამშრომლობა მოუხდა უდიდესი ცოდნა მიიღო მისგან და ეს ყველაზე გულწრფელი ამბავია, რომელიც მას კარგად აღწერს. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ არაერთი თანაშემწე ყავს „გამოზრდილი“.
(ისე კი, ისიც გაგვეხუმრა, სამი და ოთხი უნდა ვიყო, ყველა საქმეს დიდი სიამოვნებით შევასრულებდი, იმდენად მიყვარს ახალ-ახალი ამბების გაგებაო).
ესეც ასე, ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული „დრესაპული“ ამბავი, მაღაზიის კონსულტანტობიდან - ბრენდის განვითარების მენეჯერობამდე, წარმატებული ისტორიები კი კიდევ მრავლადაა.
თქვენი, მკითხველის მოტივაციისთვის კი რწმენით სავსე სიმღერას გიტოვებთ, როგორც ნინომ გვითხრა, სწორედ ეს სიმღერა გასდევდა მის „დრესაპულ“ ცხოვრებას!