მომხმარებელი ყურადღების ცენტრში: Cannes Lions 2026-ის გამოცდილება

როგორ იცვლება ბრენდებსა და ადამიანებს შორის ურთიერთობა, რატომ ენდობა მომხმარებელი უფრო მეტად რეალურ გამოცდილებას და რა როლი აქვს ტექნოლოგიას მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში?

ამ ბლოგში minds&marketing-ის დამფუძნებელი და ბრენდის სტრატეგი, მარიამ ბებიაშვილი, Cannes Lions 2026-დან მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს. წელს ის ფესტივალს ოფიციალური მედიააკრედიტაციით, Dressup.ge-სთან პარტნიორობით აშუქებდა და იმ კამპანიების, იდეებისა და ტენდენციების შესახებ გვიყვება, რომლებიც მსოფლიო შემოქმედებითი ინდუსტრიის აწმყოსა და მომავალს განსაზღვრავს.

როდესაც ბრენდი მომხმარებელს უსმენს

Cannes Lions 2026-ზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა კამპანიები, რომლებშიც ბრენდი საკუთარ თავზე ნაკლებს ლაპარაკობდა და მეტ სივრცეს მომხმარებლის ხმას უთმობდა.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითი Vaseline Originals იყო. ბრენდმა 20 წლის განმავლობაში მომხმარებლების მიერ მოფიქრებული პროდუქტის გამოყენების სხვადასხვა ხერხი შეისწავლა, საუკეთესო იდეები რეალურ პროდუქტებად აქცია, ხოლო მათი ავტორები კამპანიის სახეებად და პარტნიორებად წარადგინა.

ამ მიდგომით Vaseline-მა აჩვენა, რომ მომხმარებლის მოსმენა მხოლოდ მისი აზრის გაგებას არ ნიშნავს. მომხმარებლის გამოცდილება შეიძლება პროდუქტის შექმნის, ბრენდის განვითარებისა და კომუნიკაციის ნაწილადაც იქცეს.

არანაკლებ საინტერესო იყო Dove-ის კამპანია r/eal Reviews. ბრენდმა აქცენტი ცნობილ კონტენტის შემქმნელებსა და გავლენიან სახეებზე კი არა, რიგით მომხმარებლებზე გააკეთა. Dove-მა თავისი ერთ-ერთი პროდუქტი Reddit-ის მომხმარებლებს გამოსაცდელად გადასცა და წინასწარ დადო პირობა, რომ პირველ 50 შეფასებას უცვლელად გამოაქვეყნებდა, მიუხედავად იმისა შეფასება, დადებითი იქნებოდა თუ უარყოფითი.

შედეგად, სარეკლამო დაფებზე, სოციალურ ქსელებსა და ვიდეოებში Reddit-ის მომხმარებლების რეალური გამოხმაურებები გამოჩნდა. მათ შორის იყო როგორც მკვეთრად უარყოფითი შეფასებები, ისე პროდუქტისადმი განსაკუთრებული სიმპათიის გამომხატველი კომენტარები.

ორივე კამპანია იმ ტენდენციაზე მიანიშნებს, რომელზეც ფესტივალის მომხსენებლებიც აქტიურად საუბრობდნენ: ადამიანები სულ უფრო ნაკლებად ენდობიან იდეალურად შეფუთულ კორპორაციულ გზავნილებს და უფრო მეტად რეალური ადამიანების გამოცდილებას ეყრდნობიან.

თანამედროვე ბრენდისთვის მთავარი კითხვა მხოლოდ ის აღარ არის, როგორ ესაუბროს მომხმარებელს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ მისცეს მას საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და ბრენდზე საუბრის სურვილი.

ხელოვნური ინტელექტი უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად

მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტი უკვე ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილია. თუმცა, ყველაზე საინტერესო შემთხვევებში ის მხოლოდ ვიზუალური თუ ტექსტური მასალის შესაქმნელად არ გამოიყენება. მისი მთავარი დანიშნულება მომხმარებლის გამოცდილების გამარტივება და მის საჭიროებებზე მორგებაა.

ამის კარგი მაგალითია L’Oréal-ის ModiFace. მომხმარებელს კამერის საშუალებით შეუძლია ვირტუალურად მოირგოს მაკიაჟი, მიიღოს კანის მდგომარეობის შეფასება და პირადად მისთვის შერჩეული რეკომენდაციები. შედეგად, ინტერნეტით პროდუქტის შეძენისას გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივი და გააზრებული ხდება.

ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს კვლევისა და სტრატეგიის შემუშავებაშიც ასრულებს. Estée Lauder-ისა და Meta-ს თანამშრომლობის მაგალითზე ნაჩვენები იყო, როგორ შეუძლია ტექნოლოგიას დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება, კონკრეტული კრიტერიუმების გამოყოფა და სხვადასხვა ფაქტორს შორის კავშირების აღმოჩენა.

ხელოვნურმა ინტელექტმა Estée Lauder-ის 80-წლიანი არქივი გააანალიზა, შეისწავლა, როგორ იცვლებოდა ბრენდის მნიშვნელობა სხვადასხვა პერიოდში და რა კანონზომიერებები იდგა მისი წარმატების უკან. მიღებული ცოდნა კი ახალი სტრატეგიის შემუშავების საფუძვლად იქცა.

მოდისა და სილამაზის ბრენდებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტექნოლოგიის ღირებულება ყველაზე მკაფიოდ მაშინ ჩანს, როდესაც ის ადამიანს საკუთარი სტილის აღმოჩენაში, პროდუქტის არჩევასა და უფრო ინდივიდუალური გამოცდილების მიღებაში ეხმარება.

იდეაზე მეტი: კამპანიები, რომლებიც რეალურ გავლენას ქმნიან

ფესტივალზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური იყო Bullet Machine, რომელიც მექსიკური გაზეთის La Unión Newspaper-ისა და პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაცია ARTICLE 19-ის თანამშრომლობით შეიქმნა.

კამპანია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის რეალურ საფრთხეზე გვიყვება და გვაჩვენებს, რომ ასეთი ძალადობა მხოლოდ ჟურნალისტს არ ეხება. საფრთხის წინაშე დგებიან მისი ოჯახის წევრებიც, ხოლო პროფესიული საქმიანობა შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება მთავარი ჯილდოების გამარჯვებულ ნამუშევრებს უკავშირდებოდა. წარმატებას მხოლოდ ძლიერი იდეა აღარ განსაზღვრავს. სულ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა რეალური ცვლილების შექმნა შეუძლია კამპანიას.

ამის მაგალითია Haven, რომელმაც Titanium Lions მოიგო. ავსტრალიურმა სადაზღვევო კომპანია Suncorp-მა შექმნა ციფრული პლატფორმა, რომელიც ამინდის, გარემოსა და სხვა მონაცემების ანალიზით მომხმარებლებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მყისიერად აფრთხილებს და ზიანის თავიდან ასაცილებლად კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს.

ამ შემთხვევაში ბრენდი მხოლოდ პრობლემაზე არ საუბრობს. ის ადამიანს პრაქტიკულ ინსტრუმენტს აძლევს და მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალურ გავლენას ახდენს.

თვითგამოხატვა როგორც Cannes Lions 2026-ის მთავარი სიტყვა

მარიამ ბებიაშვილისთვის წლევანდელი Cannes Lions-ის ერთ-ერთი მთავარი სიტყვა თვითგამოხატვა იყო.

ფესტივალის მონაწილეები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით გამოხატავდნენ. ვიღაცისთვის ეს საკუთარი ქვეყნის დროშა იყო, ვიღაცისთვის ბრენდი, რომელსაც წარმოადგენდა, სხვებისთვის კი ჩაცმულობა და პირადი სტილი.

ტანსაცმელი ამ გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. ის არა მხოლოდ ვიზუალურ იმიჯს ქმნიდა, არამედ ადამიანის ხასიათის, განწყობისა და ინდივიდუალობის გამომხატველ ელემენტადაც იქცეოდა.

საინტერესო იყო ისიც, რომ ფესტივალის გარემო მონაწილეებს მუდმივად საკუთარი თავის გამოვლენისკენ უბიძგებდა. ბრენდების მიერ მოწყობილ სივრცეებში მთავარი ყურადღება პროდუქტზე არ იყო მიმართული. ისინი ცდილობდნენ, სტუმარს საკუთარ თავთან, ინტერესებთან და შესაძლებლობებთან კავშირის შეგრძნება გასჩენოდა.

სწორედ ამ მიდგომამ გააცოცხლა მარიამში სხვადასხვა როლი და შესაძლებლობა: კრეატორი, ანალიტიკოსი, და უბრალოდ ადამიანი, რომელიც ახალ ცოდნასა და შთაბეჭდილებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და სხვასაც უზიარებს.

Cannes Lions 2026-ის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილიც სწორედ ესაა: ბრენდი უფრო საინტერესო, ახლობელი და სანდო ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს კი არა, ადამიანს და მის გამოცდილებას აყენებს ცენტრში.

თანამედროვე მომხმარებელს მხოლოდ პროდუქტი აღარ სჭირდება. მას სურს, არჩევანში საკუთარი თავი დაინახოს, გამოცდილების მონაწილე გახდეს და ბრენდთან ურთიერთობა თვითგამოხატვის კიდევ ერთ შესაძლებლობად აქციოს.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას