რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვისთვის სამოსის შერჩევისას?

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვისთვის სამოსის შერჩევისას?

შეიძლება დღემდე გახსოვს ტანსაცმელი, რომელიც ბავშვობაში პირველად თავად შეარჩიე. თუ გინდა, შენი შვილისთვისაც ასეთივე ამაღელვებელი იყოს ეს გამოცდილება, სამოსი ერთად დაათვალიერეთ, საბოლოო არჩევანი კი მას მიანდე. როცა რომელიმე მაისურს გამოარჩევს, ჰკითხე, რატომ მოეწონა. იქნებ მასზე დახატული პერსონაჟის ამბავიც მოგიყვეს და შენც უკეთ გაიგო, რით არის ახლა გატაცებული.

Dressup.ge-ს ონლაინ მაღაზიაში იმდენი ფერისა და სტილის სამოსია, რომ ბავშვი ადვილად იპოვის იმას, რასაც სიამოვნებით ჩაიცვამს. მანამდე კი რჩევებს გაგიზიარებთ, რომლებიც კომფორტული ტანსაცმლის შერჩევაში დაგეხმარება.

რომელი ქსოვილია ბავშვისთვის უსაფრთხო და კომფორტული?

ყოველდღიური სამოსისთვის რბილი ქსოვილი შეარჩიე, რომელიც ჰაერს კარგად ატარებს. თბილ ამინდში ბავშვს შეგიძლია ბამბის მაისური ან სელის ქსოვილისგან შეკერილი პერანგი ჩააცვა. თუ სპორტულ წრეზე დადის და ვარჯიშისას ოფლიანდება, პოლიესტერის ან ნეილონის ტანსაცმელი შეურჩიე, რადგან ორივე სწრაფად შრება.

ბავშვის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და ზოგიერთმა საღებავმა შეიძლება გააღიზიანოს. ამიტომ, როცა ეტიკეტზე ქსოვილის შემადგენლობას შეამოწმებ, სერტიფიკატის ნიშანსაც მიაქციე ყურადღება. მაგალითად, თუ მასზე OEKO-TEX STANDARD 100 წერია, ეს ნიშნავს, რომ სამოსი შემოწმებულია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს. GOTS-ის ნიშანი კი ადასტურებს, რომ მასში ორგანული ბოჭკოს წილი სულ მცირე 70%-ია და დასამუშავებლად მხოლოდ სტანდარტით დაშვებული საღებავები და სხვა ნივთიერებები გამოიყენეს.

როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის სწორი ზომის ტანსაცმელი?

ონლაინ შეძენისას კონკრეტული ბრენდის ცხრილით იხელმძღვანელე. თუ მასში სხეულის პარამეტრებია მოცემული, ბავშვს ზომა ინსტრუქციის მიხედვით აუღე და მიღებული მაჩვენებლები ცხრილს შეადარე. თუ ბრენდი თავად სამოსის მონაცემებს უთითებს, შესადარებლად ის ტანსაცმელი გაზომე, რომელიც უკვე კარგად ერგება.

მოსინჯვისას დააკვირდი, რამდენად თავისუფლად მოძრაობს ბავშვი. მაგალითად, შარვალი შეიძლება ფეხზე დგომისას ერგებოდეს, დაჯდომისას კი წელზე უჭერდეს. ამიტომ სასურველია, მან მოსინჯვისას რამდენიმე ნაბიჯი გადადგას, დაჯდეს და ჩაიმუხლოს. მაისურის შემთხვევაში კი ხელების აწევისას უკეთ გამოჩნდება, მხრებში ხომ არ უჭერს.

ზედმეტად დიდმა სამოსმაც შეიძლება ბავშვს მოძრაობაში ხელი შეუშალოს, ამიტომ მხოლოდ იმ იმედით ნუ შეარჩევ დიდ ზომას, რომ დიდხანს გამოადგება. თუ სიარულისას შარვლის გამუდმებით აწევა უწევს ან სახელოები ხელის მტევნებს უფარავს, სხვა ზომა ან მოდელი მოასინჯე.

როგორ შევარჩიოთ პრაქტიკული სამოსი ბაღისა და თამაშისთვის?

ბაღისთვის უმჯობესია ისეთი სამოსი, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად ჩაიცვამს და გაიხდის. მაგალითად, წელზე რეზინიან შარვალს ღილიანზე ადვილად ჩაიცვამს, ქურთუკზე კი ელვა-შესაკრავს უფრო სწრაფად შეიკრავს, ვიდრე წვრილ ღილებს. თუ ოთახში თბილა, ეზოში კი გრილა, ბავშვს შეუძლია სათამაშოდ გასვლის წინ მაისურის ზემოდან ჟაკეტი მოიცვას, შიდა სივრცეში დაბრუნებისას კი გაიხადოს.

თამაშისას შარვალი მუხლებთან ადვილად ცვდება, ამიტომ ჯობს, გამძლე ქსოვილი შეარჩიო, მაგალითად, სქელი ტრიკოტაჟი ან ჯინსი. ფერსაც მიაქციე ყურადღება, რადგან მუქ ან ჭრელ სამოსზე ლაქები ნაკლებად ჩანს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვი სამოსის არჩევაში?

ბავშვი მეტი ხალისით იცვამს იმ სამოსს, რომელიც თავად აირჩია. ამიტომ, როცა ახალი მაისური სჭირდება, ორი ან სამი მოდელი შესთავაზე და ჰკითხე, რომელს ჩაიცვამდა და რატომ. მისი პასუხით უკეთ მიხვდები, შემდგომ რას მიაქციო ყურადღება.

მისი გემოვნება საბავშვო კოლექციის დათვალიერებისასაც გაითვალისწინე. მაგალითად, ერთად მოძებნეთ ბავშვის საყვარელი ფერის ჰუდი ან შარვალი და, თუ რამდენიმე მოდელი მოეწონება, საბოლოო არჩევანი მას მიანდე.

ამის პარალელურად, სასურველი მოდელები შენთვისაც შეარჩიე, შემდეგ კი ისარგებლე ადგილზე მორგების სერვისით და გამოწერილი სამოსი ბავშვთან ერთად სახლში მოირგე. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას მითითებულ მისამართზე მოგიტანს და დაგელოდება. წინასწარ მხოლოდ მიწოდების საფასურს გადაიხდი, ადგილზე კი იმ ნივთების ღირებულებას, რომლებსაც დაიტოვებ.

Dressup.ge-ზე სამოსის შერჩევა პატარასთან ერთად დროის გატარების სახალისო გზაც შეიძლება იყოს. თუ რომელიმე მოდელი მოგეწონებათ, მის ვირტუალურად მორგებას საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან შეძლებთ. ამისთვის moirge.ai-ზე ატვირთე შენი ან ბავშვის ფოტო და შესაბამის ველში ჩასვი შერჩეული ნივთის ბმული. ხელოვნური ინტელექტი სამოსს ფოტოზე მოგარგებთ და შეძენამდე ერთად ნახავთ, როგორ გამოიყურება თქვენს ტანზე.

ხშირად დასმული კითხვები

როდის ღირს ბავშვისთვის ერთი ზომით დიდი ტანსაცმლის ყიდვა?

ერთი ზომით დიდი ტანსაცმელი შეგიძლია შეარჩიო, თუ ბავშვს მოძრაობაში ხელს არ უშლის. შარვლის შერჩევისას დააკვირდი, როგორ ერგება წელზე და რამდენად გრძელია ტოტები. თუ სიარულისას შარვალი სძვრება ან ტოტებზე ფეხს აბიჯებს, ერთი ზომით პატარა მოასინჯე.

სამოსის რომელი დეტალებია ბავშვისთვის სახიფათო?

ბავშვისთვის ისეთი ჰუდი ან ქურთუკი შეარჩიე, რომელსაც კისერთან ან კაპიუშონთან თასმები არ აქვს. თამაშისას თასმა შეიძლება სასრიალოს წამოედოს და ბავშვს კისერზე შემოეჭიროს. ასევე შეამოწმე, რამდენად მყარადაა მიმაგრებული ღილები და წვრილი მოსართავები, რადგან, თუ რომელიმე მოძვრა, ბავშვმა შეიძლება პირში ჩაიდოს.

რა გავითვალისწინოთ ნახატიანი მაისურის ყიდვისას?

თუ ნახატი მაისურზე დაბეჭდილია, შეამოწმე, რამდენად რბილია პრინტი და იწელება თუ არა ქსოვილთან ერთად. თუ პერსონაჟი აპლიკაციითაა გამოსახული, მაისური ამოაბრუნე და ნაკერს ხელი გადაუსვი, რადგან უხეშმა ნაკერმა შეიძლება ბავშვს კანი გაუღიზიანოს. თუ ბავშვს დიდი ან მკვეთრი ფერის ნახატი მოსწონს, ასეთ მაისურს სადა შარვალი შეუხამე.

როგორ მოვუაროთ ბავშვის ტანსაცმელს, რომ ფორმა შეინარჩუნოს?

რეცხვის ტემპერატურა ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციის მიხედვით შეარჩიე. პრინტიანი მაისური სარეცხ მანქანაში ჩადებამდე ამოაბრუნე, რომ ნახატი რეცხვისას სხვა ტანსაცმელს ნაკლებად ეხახუნებოდეს. ელასტიკური სამოსი კი გარეცხვის შემდეგ ჰაერზე გააშრე, რომ ქსოვილმა ფორმა უკეთ შეინარჩუნოს.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას