5 აუცილებელი ნივთი მისაღები ოთახის ინტერიერისთვის

5 აუცილებელი ნივთი მისაღები ოთახის ინტერიერისთვის

მისაღების დიზაინი მთელი სახლის განწყობას ქმნის. ეს ის სივრცეა, რომელსაც ყველაზე მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. ერთდროულად მყუდროც უნდა იყოს და ფუნქციურიც. მეგობრები თუ გესტუმრებიან, ალბათ, სწორედ აქ გაუმასპინძლდები ყავით. თუ დღის ბოლოს დასვენება და საყვარელი სერიალის ყურება გინდა, აქ მოკალათდები დივანზე. ამიტომ მისაღები ოთახის ინტერიერი მხოლოდ ლამაზი არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, ყოველდღიურობაში კომფორტი შეგიქმნას.

რეალურად, ინტერიერში დიდი ცვლილებები იშვიათადაა საჭირო. როგორც წესი, რამდენიმე ფუნქციური დეტალის დამატებაც საკმარისია გარემოს გარდაქმნისთვის. Dressup.ge-ს ონლაინ კოლექციის დეკორატიული ბალიშები და ხალიჩა მისაღებ ოთახს სიმყუდროვეს შემატებს, ყავის მაგიდა - კომფორტს, ახალი განათება და მცენარეები კი ოთახში სრულად განახლებულ განწყობას შექმნის.

დეკორატიული ბალიშები

თუ ძველი დივანი ცოტა მოგბეზრდა, მაგრამ მისი შეცვლა ჯერ არ გინდა, ეცადე სახე შეუცვალო. დეკორატიული ბალიშები ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა, ოთახში ახალი ფერი და ტექსტურა შეიტანო.

თუ დივანი ნეიტრალური ფერისაა, სცადე თამამი ფერები ან პრინტები. თუ ავეჯი უკვე ორიგინალური ფორმის ან მკვეთრი ფერისაა, პირიქით - ჯობია მშვიდი ტონებით დააბალანსო. თუ დივანი ფართოა, შეგიძლია სივრცესთან ითამაშო და სხვადასხვა ზომისა და ფერების კომბინაციები სცადო, პატარა მოდელი კი ეცადე დიდად არ გადატვირთო და თითო კუთხეში თითო ბალიში მოათავსო.

არ იცი, რომელი ფერი შეარჩიო? უკვე არსებული მისაღები ოთახის აქსესუარები შეგიძლია გამოიყენო შთაგონებისთვის. შეარჩიე რომელიმე გამოკვეთილი ფერი ხალიჩიდან, ფარდიდან ან შედარებით შესამჩნევი დეკორიდან (მაგალითად, ლარნაკიდან ან კედლის სურათიდან) და დეკორატიული ბალიში მსგავს ტონებში შეარჩიე. ასე ახალი დეტალი სივრცეში ჰარმონიულად ჩაჯდება.

ხალიჩა

ხალიჩას შეუძლია ოთახის მთელი განწყობა შეცვალოს. მისი არჩევისას ეცადე ერთნაირი ყურადღება მიაქციო დიზაინს, ზომასა და ფაქტურას.

ოპტიმალურად ითვლება, როცა ხალიჩა კომფორტულად ფარავს იატაკის დიდ ნაწილს, მაგრამ არაა სრულად გადაჭიმული ერთი კუთხიდან მეორემდე. მასიური ხალიჩა შესაძლოა მისაღები ოთახის დიზაინში ზედმეტად დომინანტური დეტალი გახდეს, პატარა ხალიჩა კი სივრცეში დაიკარგოს. საორიენტაციოდ, ჯობს აარჩიო მოდელი, რომელზეც ყავის მაგიდა და დივნისა თუ სავარძლების წინა ფეხები კომფორტულად თავსდება.

ყავის მაგიდა

ყავის მაგიდა ერთ-ერთი ყველაზე ფუნქციური დეკორატიული ელემენტია ინტერიერის დიზაინში. ერთი მხრივ, მასზე შეგიძლია მოათავსო დეკორატიული წიგნი, სასანთლე, ლარნაკი ან სხვა მცირე დეკორი, რომელიც მარტივად ალამაზებს სივრცეს.

მეორე მხრივ, აქ ყოველდღიური ნივთებიც ხშირად პოულობს თავის ადგილს. მაგალითად, პულტი, ყავის ჭიქა და პოპკორნი სერიალის ყურებისას.

ამიტომ, უბრალოდ ლამაზი ყავის მაგიდა არ უნდა იყოს შენი პირველი არჩევანი. დიზაინზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ზომა, სიმაღლე და ფორმა.

პატარა მისაღები ოთახის მოწყობისას უფრო კომპაქტური, მრგვალი მაგიდა გამოგადგება, რადგან ნაკლებ სივრცეს დაიკავებს და მოძრაობას არ შეზღუდავს. ეცადე იპოვო სათავსოს მქონე მოდელი, რომელიც დამატებით ნივთების შესანახ ადგილსაც მოგცემს.

ხოლო თუ უფრო გაშლილ სივრცეს აწყობ, შეგიძლია უფრო ორიგინალური ფორმის, ფართო მაგიდა აირჩიო. ასეთ შემთხვევაში შენი მთავარი ორიენტირი დივანი უნდა იყოს. ეცადე მაგიდა დივანთან მიმართებაში პროპორციულად გამოიყურებოდეს და მის გარშემო სამოძრაოდ საკმარისი ადგილი დარჩეს.

განათება

ჭერის სანათი ფუნქციურია, მაგრამ სინათლის ერთი წყარო იშვიათადაა საკმარისი ოთახში განწყობის შესაქმნელად. მაგალითად, თუ საღამოს უფრო რბილი განათება გინდა, ზედა შუქის წყარო შესაძლოა ზედმეტად მძლავრი იყოს.

მისაღები ოთახის მოწყობა უფრო მარტივი იქნება, თუ რამდენიმე ზონად დაყოფ. მაგალითად, თუ ცალკე გაქვს მოწყობილი საკითხავი კუთხე, სავარძლის გვერდით შეგიძლია დადგა ტორშერი ადგილობრივი რბილი შუქისთვის. ხოლო თუ მისაღებში მშვიდი ან რომანტიკული ატმოსფეროს შექმნა გსურს, მაშინ კედლის პატარა სანათები გამოგადგება. განსაკუთრებით, თუ მთელს ოთახში რამდენიმეს გააბნევ და საშუალება გექნება დამოუკიდებლად გადაწყვიტო, რამდენს რთავ და ოთახის რომელ კონკრეტულ მონაკვეთებს ანათებ.

დეკორატიული მცენარეები

ცარიელი კუთხე გაქვს და თითქოს რაღაც აკლია? შესაძლოა, შენს მისაღებს სიმწვანე მოუხდეს.

თუ მისაღები ოთახის დეკორის გამოცოცხლება გჭირდება, სცადე ქოთნის ერთი მცენარე მაინც დადგა. ქოთანი მცენარის დამოუკიდებლადაც შესაძლოა დეკორატიული ელემენტი გახდეს, მაგრამ ყვავილთან ერთად სივრცეს უფრო გაახალისებს. თუ მცირე სივრცეს აწყობ, პატარა ზომის ქოთანი შეგიძლია თაროზე, ყავის მაგიდაზე ან სულაც ფანჯრის რაფაზე შემოდგა. მთავარია, გაითვალისწინე, როგორ ნაწილდება მისაღებში ბუნებრივი სინათლე და მცენარეც შესაბამისად შეარჩიე.

თუ უკვე იცი, რომ ცოცხალი მცენარეების მოსავლელად დრო არ გეყოფა, შეგიძლია მისაღების მოსართავად ხელოვნური დეკორატიული მცენარეები გამოიყენო. იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ სახლში ცოტა დროს ატარებ ან ძალიან დაღლილი ბრუნდები, ან მისაღებ ოთახში ბუნებრივი სინათლე ცოტაა.

ხშირად დასმული კითხვები

რა ნივთები გვჭირდება მისაღები ოთახის მოსაწყობად?

ყველაზე პატარა მისაღებ ოთახებშიც კი, როგორც წესი, დგამენ დივანს, სავარძლებს, ყავის მაგიდას, ტელევიზორსა და წიგნების თაროს. ხოლო ინდივიდუალური სტილის შესაქმნელად შეგიძლია სივრცე გაამდიდრო დეკორატიული ელემენტებით: ხალიჩით, ორიგინალური სანათებით, დეკორატიულ ბალიშებით, მცენარეებით და სხვა თემატური, შერჩეული ნივთებით.

როგორ შევარჩიოთ ხალიჩა მისაღები ოთახისთვის?

ხალიჩაზე კომფორტულად უნდა ეტეოდეს ყავის მაგიდა და დივნისა თუ სავარძლების წინა ფეხები. ოპტიმალურად ითვლება, როცა ხალიჩის კიდეები დივნის ორივე მხრიდან დაახლოებით 20 სმ-ით უფრო ფართოა.

როგორ შევარჩიოთ ყავის მაგიდის ზომა?

მაგიდა დივანთან პროპორციული უნდა იყოს. ოპტიმალურად ითვლება დივანის ზომის ნახევრიდან ორ მესამედამდე. სტუმრებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ მის გარშემო მოძრაობა.

როგორ გავაფორმოთ პატარა მისაღები ოთახი?

აირჩიე კომპაქტური ავეჯი, გლუვი ფორმები და არ გადატვირთო ბევრი დეკორატიული დეტალით. ჯობია აირჩიო ერთი ან ორი ფოკუსი - მაგალითად, ხალიჩა და ყავის მაგიდა.

როგორ შევუხამოთ დეკორატიული ბალიშები ინტერიერს?

შეარჩიე რომელიმე ფონური ფერი ინტერიერის სხვა დეტალებში (მაგ. ხალიჩაში ან ფარდაში) და ეცადე ბალიშების ფერი მათ შეუხამო. თუ სივრცის გახალისება გინდა, აირჩიე მკვეთრი ფერი და შექმენი კონტრასტი.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას