ALLIE - ინდივიდუალური სტილისა და გამორჩეული სილუეტების შესახებ

მოდა მხოლოდ ტანსაცმელი არ არის. ის ინდივიდუალობის, ხასიათისა და შინაგანი სამყაროს გამოხატვის საშუალებაა. სწორედ ამ იდეას ეფუძნება ALLIE, ქართული ბრენდი, რომელიც ქალურ, წელში გამოყვანილ სილუეტებს, გამოკვეთილ მხრებსა და გამორჩეულ დეტალებს აერთიანებს.

ვინტაჟური მოდითა და 80-იანი და 90-იანი წლების ესთეტიკით შთაგონებული ALLIE ქმნის სამოსს თავდაჯერებული და თავისუფალი ქალებისთვის, რომლებსაც საკუთარი სტილის გამოხატვის არ ეშინიათ.

ALLIE-ს დამფუძნებელი ელენე მიქავა გვიყვება ბრენდის შექმნის ისტორიაზე, შემოქმედებით პროცესზე, ინდივიდუალურ სტილსა და იმ მომავალზე, რომელსაც ALLIE-სთვის ხედავს.

როგორ გაჩნდა Allie-ის შექმნის იდეა და რა იყო ის მთავარი სურვილი, რომლის გარშემოც ბრენდის შექმნა გადაწყვიტე

ჩემი საკუთარი ბრენდის შექმნა ყოველთვის იყო ჩემი დიდი სურვილი, ყოველთვის ვცდილობდი ამ სფეროს გარშემო ვყოფილიყავი და ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც იქნებოდა სწორი დრო და ადგილი დასაწყებად. თავიდან ჩემი ძმის ერთ-ერთ სპორტულ ბრენდში გავაკეთე კლასიკური ხაზი, რომ გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები, ხედვა და უნარი, როგორ გავუმკლავდებოდი მსგავს სიტუაციას. საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო, მივხვდი რა გავაკეთე სწორად და რა არასწორად, რაც შემდეგ ჩემი ბრენდის დაწყებისას გავითვალისწინე. ამდენი ფიქრის შემდეგ, დავიწყე ჩემი სურვილების და იდეების გაზიარება, რის შედეგადაც, ჩემი ძმა გახდა ჩემი პირველი ინვესტორი და მითხრა, რომ სახელი, კონცეფცია და სტილი მომეძებნა ბრენდისთვის. თავიდან საკმაოდ ფრთხილად დავიწყე კოლექციების შექმნა. მარტივი და სადა ტანსაცმლით და მივხვდი, რომ ჩემ თავს ბოლომდე არ ვაჩვენებდი იმ შიშის გამო, რომ ხალხი გაგვაკრიტიკებდა ან უბრალოდ არ მოეწონებოდათ ბრენდის შინაარსი. გავრისკე და მივედი იმ შედეგამდე რომ ხალხთან სწორად მიწოდებული პროდუქტი ყოველთვის წარმატებულია, თუ შენ ამ იდეის გჯერა.

როგორი ქალისთვის იქმნება Allie? როგორია ის ქალი, რომელიც შენს სამოსს ირჩევს?

ALLIE იქმნება თავდაჯერებული და პირველ რიგში თავიანთ თავზე შეყვარებული ქალებისთვის, რომლებიც არიან ბედნიერები და თავისუფლები. ყოველთვის ამას ვამბობ რომ ტანსაცმელი გამოხატავს შენს შინაგან სამყაროს, ხასიათს და იდეებს, ამიტომ არ უნდა მოვექცეთ ჩარჩოებში და ვიყოთ ისეთივე თავისუფლები და ლაღები ვიზუალურად, როგორი შინაგანი სამყაროც გვაქვს. ALLIE კი, ვფიქრობ, თავისუფალი, თავდაჯერებული ქალის სილუეტებს საუკეთესოდ გადმოსცემს. ახსენებს ქალს, რამხელა ძალა და ამბიციაა იყო განსხვავებული და გემოვნებიანი.

რამდენად მნიშვნელოვანია სილუეტი სამოსის შექმნისას და როგორ ცვლის ის ადამიანის მთლიან იერსახეს?

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ტანისამოსში სილუეტებია და შემდეგ დეტალები, რაც ამ სილუეტებს ემატება. წელში გამოყვანილი, მხრებში გაგანიერებული ზედები და პიჯაკები ყოველთვის ბევრად ქალური და ელეგანტური იქნება ჩემთვის ვიდრე სწორი მხრების გარეშე მორგებული ზედები. ვფიქრობ, ადამიანის ვიზუალს, ხასიათს და ენერგიას სრულიად უცვლის სილუეტების დამატება ტანსაცმელში. პირველად, როცა ვიწყებდი მივხვდი რომ ჩემი ნიშა იქნებოდა სილუეტების ქონა და სწორად გადმოცემა. ასევე, მინდოდა ისეთი დეტალები დაგვემატებინა, რაც სხვისგან განგვასხვავებდა და იტყოდნენ ამას მხოლოდ ALLIE თუ იზამდაო!

როგორ პოულობ ბალანსს ტრენდსა და ინდივიდუალურ სტილს შორის

ვფიქრობ, არც პერსონალურ ჩაცმულობაში და არც კოლექციებში ტრენდს არ გავყოლილვარ. ყოველთვის მიყვარდა ვინტაჟური, 80-იანი და 90-იანი წლების პერიოდის ტანისამოსი. მოდა, სტილი და როგორ გადმოსცემდნენ ამას ყოველდღიურობაში. ტრენდები შეიძლება დეტალებში გამოვიყენოთ, რომ სამოსი იყოს უფრო თანამედროვე, მაგრამ ინდივიდუალიზმი ბრენდისთვის ისევე, როგორც ინდივიდისთვის ძალიან მნივნელოვანია, რომ იყო დასამახსოვრებელი და უნიკალური. ინსპირაციებსაც ძირითადად ძველი დროიდან ვიღებ. ძველი მოდის კულტურა უფრო ღრმა და საინტერესოა ჩემთვის, საიდანაც მართლა შეიძლება ინსპირაციის მიღება და გამაოგნებელი სტილის პოვნა.

როგორი ბრენდის შექმნა გსურს და რა გინდა, რომ ადამიანებს Allie-ის სახელის გაგონებაზე გაახსენდეთ

მინდა, ALLIE - ს ჰქონდეს თავისი ხასიათი, ისტორია და სული, რომლის ხსენებაზეც ადამიანებს ექნებათ განსხვავებულობის შეგრძნება. ასევე, ისეთი ქალის, რომელსაც აქვს სტილი, გემოვნება, ხასიათი და აქვს ამბიცია, იყოს ყველაზე წარმატებული, ბედნიერი, ლაღი და სიცოცხლით სავსე. არ მინდა, რომ ALLIE იყოს უბრალოდ ვიზუალურად ლამაზი ტანისამოსი. მინდა ჰქონდეს თავისი ისტორია, იდეა და ემოცია, რომლითაც დაიპყრობს ადამიანების გულებს.

Dressup.ge აქტიურად თანამშრომლობს ქართველ დიზაინერებთან და ხელს უწყობს ადგილობრივი მოდის ინდუსტრიის განვითარებას. პლატფორმაზე შეხვდები არაერთ ქართულ ბრენდს, მათ შორის ALLIE-ს, რომლის კოლექციასაც ქვემოთ მოცემულ ბმულზე დაათვალიერებ.
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას