რა ჩავიცვათ გასაუბრებაზე, რომ თავდაჯერებულად ვიგრძნოთ თავი?

ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია გასაუბრება, იცის როგორი სტრესულია პროცესის წინ პერიოდი. უამრავ რამეზე ნერვიულობ, პასუხებიდან დაწყებული, ხელის ჩამორთმევის მანერით დამთავრებული. ბევრისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხი გასაუბრებისთვის ჩაცმულობის სწორად შერჩევაა - სანამ ოთახში შეაბიჯებ და თავს წარადგენ, ლუქი უკვე იწყებს შენზე საუბარს.

ამ ბლოგში განვიხილავთ ინტერვიუსთვის ლუქის სწორად შერჩევის მთავარ პრინციპებს. ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ იდეალური ვარიანტისთვის 1-2 დეტალი გაკლდება, აუცილებლად ეწვიე ონლაინ მაღაზია dressup.ge-ს - როგორ კომპანიასთანაც არ უნდა გქონდეს გასაუბრება, ჩვენთან ყველა შემთხვევისთვის შესაფერის ელემენტებს აღმოაჩენ, ელეგანტურიდან დაწყებული ეკლექტურით დამთავრებული.

„წიგნს ყოველთვის ყდით აფასებენ“: რატომ არის მნიშვნელოვანი გასაუბრებისთვის ჩაცმულობის სწორად შერჩევა

ოდესმე გსმენია „შარავანდედის ეფექტზე (Halo Effect)“? 

ეს ფსიქოლოგიური ფენომენია, როცა ერთი ძლიერი დადებითი დეტალის გამო, ადამიანები ქვეცნობიერად სხვა კარგ თვისებებსაც გვაწერენ. როცა გასაუბრებაზე აკურატული და პროფესიონალური ტანსაცმლით ჩნდები, დიდია შანსი ინტერვიუერს სწორედ მსგავსი რეაქცია ჰქონდეს. სანამ კითხვების დასმას დაიწყებს, გასაუბრების დაწყებამდე მან უკვე მიიღო მთავარი სიგნალები შენს პიროვნებაზე - იცის, რომ ხარ ორგანიზებული, საქმეს სერიოზულად უდგები და დეტალებს ყურადღებას აქცევ.

მეორეს მხრივ კი არანაკლებ მნიშვნელოვანია შენი საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ინტერვიუზე შესვლამდე. როცა იცი, რომ კარგად გამოიყურები, თავსაც უკეთ გრძნობ და პასუხებსაც უფრო თავდაჯერებული გასცემ, რადგან არ გიწევს იმაზე ფიქრი, რამდენად კომპეტენტური ჩანხარ პროცესში - სარკემ უკვე გითხრა. როცა იმაზე ნერვიულობა არ გიწევს თუ რამდენად კარგად გამოიყურები, შეგიძლია ენერგია სრულიად შენი ცოდნისა და გამოცდილების ეფექტურად წარდგენისკენ მიმართო.

ზოგიერთი ფერი უკეთ წარმოგაჩენს - და ამას რეალური ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს

ფერები ჩუმი კომუნიკაციის უძლიერესი იარაღია. შენს მიერ არჩეული პალიტრა გარშემომყოფებს კონკრეტულ სიგნალებს უგზავნის. ამიტომ ფერების სწორად შერჩევას შეუძლია, გასაუბრებისას ინტერვიუერის ქვეცნობიერებაზე იმოქმედოს და ისარი დადებითი პასუხისკენ გადახაროს.

ძირითადი პალიტრა პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ძალას უნდა უსვამდეს ხაზს:

  • მუქი ლურჯი: ნდობასა და პროფესიონალიზმთან ასოცირდება. ქმნის სანდო, პასუხისმგებლობიანი და სტაბილური ადამიანის შთაბეჭდილებას - კარგი არჩევანია თითქმის ნებისმიერი სფეროსთვის.
  • ნაცრისფერი: ანალიტიკურ აზროვნებასა და ლოგიკასთან ასოცირდება. ნეიტრალური, დახვეწილი და მშვიდია. საუკეთესო არჩევანია თუ გინდა, ინტერვიუერის თვალში ხაზი გაუსვა შენს სიდინჯეს, ცოდნასა და საქმესთან სერიოზულ დამოკიდებულებას.
  • შავი: კლასიკურად ძალასა და ავტორიტეტს გამოხატავს. იდეალურია, როგორც ბაზა, მაგრამ საჭიროა სხვა, უფრო ღია ფერით დაბალანსება, რომ ზედმეტად მკაცრი არ ჩანდე.
  • თეთრი: სისუფთავის, ორგანიზებულობისა და სიმარტივეს ეფექტი აქვს. კლასიკური თეთრი პერანგი ან ბლუზა უნივერსალური არჩევანია თითქმის ნებისმიერი ტიპის კომპანიასთან გასაუბრებისთვის (თუმცა სხვა დეტალებმა უნდა დააბალანსონ).

სტრატეგიული აქცენტები: როგორ გავუსვათ ხაზი ინდივიდუალურ მახასიათებლებს?

ნეიტრალური ტონები ლუქის საფუძველია, მაგრამ სხვა ფერის მცირე აქცენტების დამატებაც მნიშვნელოვანია. ეს ფერები პიროვნულ შტრიხებისა და კონკრეტული თვისებების წარმოსაჩენად შეგიძლია გამოიყენო.

  • ღია ცისფერი: ცისფრის ღია ტონს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ხალხს წარუდგენს შენს თავს, როგორც სასიამოვნო და გახსნილ პიროვნებად.
  • მწვანე: ეს ფერი ბუნებასთან, ჰარმონიასა და ზრდასთან ასოცირდება. სხვა ადამიანების თვალში ადაპტაციის უნარზე და კოლექტივთან კარგად მორგების ნიჭზე მიანიშნებს.
  • წითელი: ენერგიას და თავდაჯერებულობას უსვამს ხაზს. წითელი ძალიან ძლიერი ფერია, ამიტომ სტრატეგიულად, მცირე დეტალებში უნდა გამოიყენო. უმჯობესია თუ აქსესუარის სახით იქნება - წითელი შარფიჰალსტუხი ან ჩანთა სრულიად საკმარისია.

რა უნდა გავითვალისწინოთ კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად?

როდესაც ფიქრობ რა ჩაიცვა გასაუბრებაზე, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმარება და უკეთესი შთაბეჭდილების დატოვებაშიც:

  • არასწორი ზომა: ზედმეტად მომდგარი ან, პირიქით, ოვერსაიზ ტანსაცმელი მოუწესრიგებელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
  • გამომწვევი დეტალები: არ აქვს მნიშვნელობა რამდენად არაფორმალურია კომპანიის კულტურა - ღრმა დეკოლტე, ზედმეტად მოკლე ქვედაბოლო ან გამჭვირვალე ქსოვილი ყველაზე კრეატიულ გარემოშიც კი არ არის მიღებული.
  • მოუწესრიგებელი ფეხსაცმელი: გაცვეთილი ან გასაწმენდი ფეხსაცმელი მთლიან ლუქს აფუჭებს. გასაუბრებაზე შესვლამდე დარწმუნდი, რომ შენი ფეხსაცმელი აკურატულად გამოიყურება.

გაეცანი კომპანიის კულტურას, სანამ ლუქს შეარჩევ

სანამ იმაზე ფიქრს დაიწყებ უშუალოდ რა ჩაიცვა გასაუბრებაზე, პატარა კვლევა ჩაატარე. დაათვალიერე კომპანიის ვებსაიტი, სოციალური ქსელები, ფოტოები „ჩვენ შესახებ“ განყოფილებიდან. ეს დაგეხმარება მათი შიდა კულტურისა და ჩაცმის წესზე წარმოდგენის შექმნაში. ხოლო თუ ეს ინფორმაცია არსად აფიშირდება, ეცადე დაიცვა ზოგადი წესი - ყოველდღიურ სტილზე ერთი დონით უფრო ფორმალურად ჩაიცვა.

კორპორატიული გარემო (ბანკები, იურიდიული ფირმები, დიდი კომპანიები)

აქ ტრადიციული საქმიანი სტილი დომინირებს. არჩევანი კლასიკურ, მუქი ფერის მოდელებზე შეაჩერე — იქნება ეს სადა ქალის შარვალი კლასიკურ ბლუზასთან ერთად ან დახვეწილი სილუეტის კაბა. მთავარია ხარისხიანი ქსოვილი და ზუსტი მორგება (არც ძალიან მოტკეცილი, არც ოვერსაიზი).

მამაკაცისთვის კი საუკეთესო არჩევანი კლასიკური მამაკაცის პიჯაკი და შესაბამისი შარვალია. შეუხამე ის თეთრ ან ღია ცისფერ პერანგს და სადა ჰალსტუხს.

ბიზნეს-ქეჟუალი (Business Casual: სექტორებისთვის, სადაც ხშირად გიწევს კლიენტებთან შეხვედრა და ურთიერთობა: IT სექტორი, მარკეტინგი, გაყიდვები)

კლასიკური კოსტიუმი საჭირო არაა, მაგრამ ლუქი მაინც დახვეწილი და პროფესიონალური უნდა იყოს. ქალისთვის იდეალურია კლასიკური შარვალი ან მუქი ჯინსი ფართო ტოტებით, დაუწყვილე ქალის პერანგს ან ერთი ფერის სვიტერს, ლოგოებისა და პრინტების გარეშე.

კაცისთვის შეუცვლელი უნივერსალური არჩევანია კარგი ხარისხის ჩინოსის ტიპის მამაკაცის შარვალი და სადა პერანგი, რომელსაც სურვილისამებრ პიჯაკს შეუხამებს. ჰალსტუხი, როგორც წესი, სავალდებულო არაა.

ახალგაზრდა ან კრეატიული სფერო (სტარტაპები, დიზაინი, რეკლამა, მედია)

აქ შეგიძლია, შენი ინდივიდუალიზმი უფრო თამამად გამოხატო, მაგრამ გახსოვდეს - „კრეატიული“ არ ნიშნავს „მოუწესრიგებელს“. შენი ლუქი უნდა აჩვენებდეს, რომ ამ სფეროს კულტურას იცნობ. შეგიძლია, სცადო უფრო საინტერესო ფერები ან პრინტი, მაგრამ ეცადე, ლუქი ნეიტრალური ფერის დეტალებით დააბალანსო. ქალისთვის კარგი არჩევანია კაბა საინტერესო პრინტით, ან ფართო შარვალი და კრეატიული დეტალებით გაფორმებული ბლუზა, მამაკაცებისთვის - მუქი ჯინსები და საინტერესო პრინტიანი მაისური ან ძლიერი ფერის სვიტერი.)

როგორ შევარჩიოთ აქსესუარები?

აქსესუარების მთავარი მიზანია, შეავსოს და დაასრულოს შენი ლუქი და არა — მთავარ ფოკუსად იქცეს. მოერიდე ზედმეტად თვალისმომჭრელ აქსესუარებს, რომლებიც ყურადღებას მიიპყრობს და ინტერვიუერს შენს პასუხებზე კონცენტრირებაში ხელს შეუშლის:

  • სამკაული: შეარჩიე სადა, კლასიკური ნივთები. გემოვნებიანი საათი, მინიმალისტური საყურეები ან ერთი სადა ყელსაბამი საუკეთესო არჩევანია. თუ კრეატიულ სფეროში გადიხარ გასაუბრებას, ერთი უნიკალური, ე.წ. „სთეითმენთ“ სამკაული მისაღებია, თუმცა დანარჩენი ლუქი მაქსიმალურად სადა უნდა იყოს.
  • ჩანთა: აირჩიე კლასიკური ჩანთა. აუცილებლად სუფთა და კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. შეარჩიე ისეთი ზომა, რომელშიც რეზიუმე და საჭირო ნივთები თავისუფლად ჩაეტევა, მაგრამ გადატენილის შთაბეჭდილებას არ მოახდენს.
  • ქამარი: თუ შენს სამოსს ქამარი სჭირდება, დარწმუნდი, რომ ის ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული და მისი ბალთა ზედმეტად თვალშისაცემი არაა. თუ ტყავის ქამარს იყენებ, უმჯობესია თუ მისი ფერი ფეხსაცმლის ფერს შეეხამება.

და ბოლოს, გახსოვდეს, რომ გასაუბრებაზე წარმატების საიდუმლო არა მხოლოდ შესაბამის ჩაცმულობაში, არამედ შენს თავდაჯერებაშია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვიხილეთ ზოგადი წესები და რეკომენდაციები, მთავარია - თავდაჯერებულობა და თავისუფლება, ამიტომ ჩაცმულობის პრინციპები მხოლოდ გზამკვლევი უნდა იყოს და არა - შემზღუდველი ჩარჩო. 

შეარჩიე ის, რაშიც თავს კომფორტულად და ავთენტურად იგრძნობ, რადგან ნამდვილი თავდაჯერებულობა შენი ინდივიდუალური სტილისა და პიროვნების გამოხატვიდან მოდის. როდესაც ჩაცმულობა გაძლიერებს და არ გზღუდავს, მაშინ წარმატების მიღწევა ბევრად უფრო მარტივია. 

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას