2025 წლის მოდის შემოდგომის ტრენდები: რას ველოდოთ სეზონზე?
ზაფხულის ცხელი დღეები უკვე უკან დარჩა და შენს გარდერობსაც, ამინდის შესაბამისად, განახლება სჭირდება. შემოდგომა ბევრი ჩვენგანისთვის ახალი დასაწყისია — სწავლის, ახალი სამსახურის თუ კრეატიული პროექტების. გრილი ამინდების დადგომასთან ერთად ენერგიაც გვემატება, მათ შორის გარდერობის გასაახლებლადაც! თანაც 2025 წლის შემოდგომის სეზონის ტრენდები მაქსიმალურად გაძლევს საშუალებას შენი კრეატიული უნარები გამოავლინო — 2025 წლის მთავარი ტენდენცია შემოდგომის სეზონზეც გრძელდება: ყველაზე მოდური ინდივიდუალიზმია.
თუმცა, როგორც ყოველთვის, დომინანტური პატერნები მაინც ვლინდება. ახლაც დავიჭირეთ შემოდგომის 5 ყველაზე პოპულარული ტრენდი, რომელსაც ამ ბლოგში გაგაცნობთ. მაგრამ გახსოვდეს - 2025 წელს იყო მოდური ნიშნავს პრიორიტეტი შენს განწყობას, ხასიათსა და კომფორტს მიანიჭო. თუ ქვემოთმოყვანილი ტრენდებიდან რომელიმე ამაში დაგეხმარება - მით უკეთესი. თუ არა, და ონლაინ მაღაზია dressup.ge-ზე მაინც შეძლებ ისეთი მოდელების არჩევას, რომლებიც შენი შემოდგომის გარდერობში ადგილს დაიმკვიდრებს და მომავალ სეზონებზეც გემსახურება.
მოსაცმელი როგორც მთავარი აქსესუარი: პიჯაკები, ჟაკეტები და პალტოები
ტემპერატურის დაცემასთან ერთად, მოსაცმელი ლუქის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტი ხდება. წელს შეამჩნევდით რომ აგრილებასთან ერთად განსაკუთრებით ბევრი ქალი პიჯაკის მოცმას ირჩევს. 2025 წელს ქალის პიჯაკი უკვე აღარ ასოცირდება მკაცრად ოფისის ესთეტიკასთან — ხშირად, პირიქით, უფრო არაფორმალურ ტანსაცმელს უწყვილებენ: ხშირია ფერადი პრინტებით გაფორმებულ მაისურთან ან გრძელ ჯინსის ქვედატანთან დაწყვილება, ასე იქმნება კონტრასტული ლუქი, რომელიც ერთდროულად სამსახურისთვის და მეგობრებთან ერთად გასართობადაც გამოდგება. წელს პიჯაკებში პოპულარულია დრამატული, ქვიშის საათის სილუეტი, რომელიც ხაზს უსვამს სხეულის ფორმებს და მინიმალისტური ესთეტიკა.

მამაკაცის მოდაში წელს ერთ-ერთი მთავარი ტრენდი კომფორტისა და ავტორიტეტის ბალანსია. დავიწროებული სილუეტების დრო წავიდა — ახლა აქტუალურია თავისუფალი სტილის მამაკაცის პიჯაკი, რომელიც ზღუდავს მოძრაობას, მაგრამ ქმნის ძლიერი და თავდაჯერებული პერსონის იმიჯს. განსაკუთრებით ტრენდულია ორბორტიანი მოდელები, რომლებსაც ღილებგახსნილს, თხლად ნაქსოვ სვიტერზე უდარდელად მოგდებულს ატარებენ.

ამ სეზონზე ასევე ხშირად შეხვდები წელში გამოყვანილ, ვიწრო ქამრით გაფორმებულ ჟაკეტს, რომელსაც, როგორც წესი, თხელ მაისურებზე იცვამენ. განსაკუთრებით პოპულარულია მოდელები, რომლებიც პიჯაკს გაქვს. მეორეს მხრივ, როგორც წინა სეზონებზე, ისე წელსაც საკმაო პოპულარობით სარგებლობს, მასიური, მსხვილი ქსოვის ვარიანტები, რომლებშიც ადამიანი თითქოს “იკარგება”.

იგივე ტრენდი იკვეთება პალტოებშიც. აქაც ორი დიამეტრულად განსხვავებული სტილია ყველაზე პოპულარული. ერთია მინიმალისტური „შარფი-პალტო“, რომელიც ქმნის ილუზიას, თითქოს საყელო ბუნებრივად გადადის გრძელ, მოსახვევ შარფში. ეს სკანდინავიური სტილის გავლენაა — ელეგანტური და მშვიდი. მეორე კი მასიური და მაქსიმალისტური, ხშირად ხელოვნური ბეწვით გაფორმებულია, რომელიც ძველი ჰოლივუდის გლამურის დაბრუნების გავლენაა.

ჯინსი: ახლა არა უნივერსალური, არამედ ინდივიდუალური
ჯინსის გარეშე გარდერობი ნებისმიერ სეზონზე წარმოუდგენელია, აი სტილი კი დროთა განმავლობაში იცვლება. ამ შემოდგომაზე უპირობო ფავორიტი ქალის ჯინსი ფართო, ე.წ. wide-leg მოდელია. მთავარი მიმზიდველი მახასიათებელი თანამედროვე ქალისთვის ასეთი მოდელის უნივერსალურობაა, რომელიც ზოგ გარემოში კლასიკურ შარვალსაც კი შეგიძლია ჩაუნაცვლო. განსაკუთრებით პოპულარულია მუქი, ინდიგოსფერში გარდამავალი, ე.წ. dark-wash, შეფერილობა.

ამასთან, როგორც ყოველთვის, ახლაც მოთხოვნადია კლასიკური სწორი მოდელებიც მათი სადა, თეთრ ან შავ ქალის მაისურთან კომბინაცია კვლავაც მინიმალისტური სტილის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და, ამასთან, მაინც მოდურ ლუქად რჩება. თუმცა, წელს უკეთესი იქნება თუ ოვერსაიზ მაისურებს უფრო ტანზე მომდგარი ჭრით ჩაანაცვლებთ — ჯინსის თავისუფალ მოდელთან ეს განსაკუთრებით მიმზიდველ კონტრასტს ქმნის.
ცხოველის ტყავის პრინტი: დასაცინი “ქრინჯიდან” ირონიულ კიტჩამდე
ლეოპარდის პრინტი უკვე ათწლეულებია რაც ერთ-ერთი ყველაზე საკამათო მოდური ტრენდია. იყო დრო, როცა ის სიმდიდრესთან ასოცირდებოდა — და იყო დრო, როცა ის ვულგარულ და უგემოვნო არჩევანად ითვლებოდა. მაგრამ მოდა ციკლურია — დღეს ლეოპარდის პრინტი ბრუნდება, მაგრამ სრულიად ახალ კონტექსტში. ის აღარ არის სხვის თვალში რაღაცის დამტკიცების მცდელობა; პირიქით, ერთგვარი ირონიული განაცხადია: „ვიცი, რას ფიქრობ ამ პრინტზე, და სწორედ ამიტომ მაცვია“.

გარდა ლეოპარდის პრინტისა — თუმცა ის, როგორც ყოველთვის, მთავარი ვარსკვლავია — პოპულარულია ზებრასა და ვეფხვის ჰორიზონტალური ზოლები და, მოულოდნელად, ე.წ. “ძროხის ტყავი”: თეთრი ფონი დიდი ასიმეტრიული შავი ხალებით. ფეხსაცმელებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობის გველის ტყავი, მათ შორის მამაკაცის ფეხსაცმელშიც.
შოკოლადი, ალუბალი და... მწვანე? ფერთა ტრენდები შემოდგომა 2025-ზე
სეზონის უპირობო ვარსკვლავი ყავისფერია — როგორც „მოკა მუსის“ და „კაკაოს ფხვნილის“ მდიდრული შოკოლადისფერი, ისე უფრო ღია კარამელი. ეს ფერები, როგორც იტყვიან, “ახალი შავია” — უფრო რბილი, თბილი და საინტერესო.
2024 წლიდან ამ სეზონზე ღრმა წითელიც გადმოგვყვა. კვლავ პოპულარულია მუქი, ბურგუნდისფერი ტონები, მაგრამ ისე აღარ დომინანტობს როგორც წინა სეზონზე — წელს არანაკლებ აქტუალურია ღრმა, ალუბლისფერი ტონი (განსაკუთრებით ლაქის ჩანთებსა და ფეხსაცმელებში) და მყვირალა, ცეცხლოვანი წითელი.
აი შედარებით ახალი დომინანტური ფერი კი მწვანეა, თანაც განსხვავებულ ტონებში — პოპულარულია როგორც ნაზი “ფსტისფერი”. ისე მუქი ზეთისხილისფერი.

ფეხსაცმელი როგორც განცხადება: ძალა, დრამა, კონტრასტები
ქალის ფეხსაცმელებში ამ შემოდგომას მთავარი ტრენდი ძალის გამოხატულებაა. ბრუნდება აგრესიული, წაწვეტებული ქუსლიანი ფეხსაცმელი რომლებიც განსაკუთრებით დომინირებდა Gucci-სა და YSL-ის პოდიუმებზე და უფრო ხელმისაწვდომმა ბრენდებმაც მალევე აიტაცეს. განსაკუთრებით პოპულარულია პრიალა შავი ლაქი, ღრმა შინდისფერსა და გველის პრინტი. ასეთი ფეხსაცმელი ლუქს თითქოს ხიფათის ეფექტს სძენს და უსიტყვოდ ამბობს — „მე თავდაჯერებული ვარ“.

მეორე მხრივ კი, ამ დრამატული, ქალის ძალის ხაზის გამსმელი, სილუეტების საპირწონედ, პოპულარულია რბილი, ჩამოჩაჩული ფორმები ტყავის ჩექმა და ზამშის შუზი, შოკოლადისა და კარამელის ფერებში, რომლებიც კომფორტულ, უდარდელ, ბოჰემურ ეფექტს ქმნის. ასევე საკმაო პოპულარობით სარგებლობს მოდერნისტული კვადრატული ცხვირის ჩექმები და დაბალ ძირზე მომრგვალებული ცხვირის ფეხსაცმელი (Mary Janes და ბალერინები). ეს უკანასკნელები სპორტულ სფეროშიც კი გადავიდნენ და საკმაოდ პოპულარული ქროსოვერი — სნიკერინა — შექმნეს.

მამაკაცის ხაზში კი მთავარი ტრენდი კვლავ კლასიკის თანამედროვე ინტერპრეტაცია და “დახვეწილი კომფორტია”. ბრუნდება ტრადიციული ლოფერი ახალი სახით — მასიურ, სქელი ძირზე, რომელიც მას მეამბოხე იერს სძენს. ასევე ბრუნდება 70-იანი წლების რეტრო სტილის კედებია, Adidas Samba-ს მსგავსი მოდელები, მაგრამ ნეიტრალურ ფერებში და, ხშირად, ზამშის — დახვეწილი, კომფორტული და ნოსტალგიური.
