რა არის "Smart Casual" და როგორ შევქმნათ ამ სტილის ლუქები?
ალბათ გქონია შემთხვევა, უნდა მისულიყავი ღონისძიებაზე სადაც დრეს-კოდად მითითებულია „smart casual“ და შემდეგ სასწრაფოდ გუგვლა მოგიწია, ზუსტად რა შეგეძლო ჩაგეცვა. გასაგებიცაა: ეს სტილი მკაცრ განსაზღვრას არ ყვარობს, სადღაც კლასიკურ კოსტიუმსა და შაბათ-კვირის ჯინსის კომბინაციას შორის არსებულ დიდ, თავისუფალ სივრცეში დაცურავს და თუ ყველაფრის კატეგორიზება გიყვარს, შესაძლოა არც იყოს შენთვის — მისი მთავარი ხიბლი ხომ სწორედ მოქნილობაა.
Smart casual ბალანსია დახვეწილ შტრიხებსა და ყოველდღიურ, კომფორტულ ტანსაცმელს შორის. ამ ბლოგში ვეცდებით, მაქსიმალურად გაგარკვიოთ მის ნიუანსებში და ძირითად წესებსაც გაგიზიარებთ, როგორ იქმნება ამ სტილის ლუქები. ხოლო თუ წაკითხვის შემდეგ შენს კოლექციაში ახალი მოდელების დამატება მოგინდება, რათა ეს ლუქები უკეთ ააწყო — აუცილებლად ეწვიე ონლაინ მაღაზია dressup.ge-ს — ეჭვი გვაქვს, აუცილებლად იპოვი რასაც ეძებ.
რა არის "Smart Casual"? ვშიფრავთ სტილს
რომ ოფისის შედარებით მკაცრი გარემოდან პირდაპირ მეგობართან ერთად ბარში მიდიხარ. Smart casual სწორედ ისეთი სამოსია, რომელიც საშუალებას გაძლევს პირველი, ფორმალური გარემოდან, მეორეში, არაფორმალურში, ისე გადაინაცვლო, რომ ორივეს მოერგო — მიზანია, გამოიყურებოდე მოწესრიგებულად და რამდენადმე დახვეწილად, მაგრამ ისე, თითქოს ამაზე დიდი ძალისხმევა არ დახარჯე.
ყველაფერი ხარისხიანი ქსოვილებითა და კარგი თარგით იწყება — სწორედ ეს განასხვავებს „სმარტ“ ლუქს უბრალოდ „ქეჟუალ“ ჩაცმულობისგან. ნატურალური ქსოვილები პრიორიტეტულია — თუ სამოსი აბრეშუმისგან, კარგი ბამბისგან, სელისგან ან ქაშმირისგანაა დამზადებული, ის არა მხოლოდ კარგად გამოიყურება, ხელით შეხებისასაც სასიამოვნო ეფექტს ახდენს, ამიტომ დახვეწილობაში ერთ-ორ დამატებით ქულასაც ჩაგიწერს.
თუმცა, საუკეთესო ქსოვილიც კი კარგავს ეფექტს, თუ ტანსაცმელი ტანზე კარგად არ გადგას. გახსოვდეს, მიზანი არა უბრალოდ თავისუფალი, არამედ მოწესრიგებული ლუქია: ტანსაცმლის თარგი ხაზს უნდა უსვამდეს შენს ფორმებს, მაგრამ არ ზღუდავდეს მოძრაობას.
ამ სტილის მთავარი იდეა სხვადასხვა ტიპის სამოსის გააზრებული კომბინირება და კონტრასტებზე თამაშია — მაგალითად, პიჯაკი მომენტალურად „აწევს“ უბრალო მაისურის ლუქს, მხრებზე თხელი სვიტერის მოხვევა კი კლასიკურ თეთრ პერანგს ოფისის ყოველდღიური უნიფორმიდან “ჩუმი ფუფუნების” საგნად აქცევს.
როგორ ავაწყოთ Smart Casual გარდერობი ქალისთვის
როგორც ზევით ვახსენეთ, ყველაზე საბაზისო ლუქიც კი შეგიძლია უცებ “აწიო” და უფრო დახვეწილად წარმოაჩინო კარგი პიჯაკის დახმარებით. ოღონდ მნიშვნელობა აქვს როგორ პიჯაკს აარჩევ. დაივიწყე ტრადიციული, მკაცრი სილუეტები — დღეს აქტუალურია ისეთი ქალის პიჯაკი, რომელსაც ნაკლებად “საოფისე” შეხედულება აქვს. აირჩიე უფრო თავისუფალი მორგების, ფართომხრებიანი მოდელი რომელსაც წელში ვიწრო ქამრით შემოიჭერ, დამოკლებული მოდელები ან თუნდაც კომფორტული ნაქსოვი ჟაკეტი, რომელიც პიჯაკის იმიტაციას წააგავს.

მუქი, სადა ჯინსი smart casual სტილის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრიბუტია, განსაკუთრებით თუ ჭრა კლასიკურ ქალის შარვალს წააგავს — სწორი ან ფართო ტოტებით. თუმცა კარგი იქნება თუ გარდერობს ფართო, სწორი და პლისე სტილის ნაჭრის შარვლებსაც დაამატებ — ეს უნივერსალური მოდელებია, რომლებიც სეზონიდან სეზონამდე გემსახურება. ნეიტრალური ფერის (შავი, კრემისფერი, ან ნაცრისფერი) შარვალი ჯინსის იდეალური ალტერნატივაა და ბევრად მეტ სიტუაციას ერგება.
ზედატანს რაც შეეხება — თხელი ქაშმირის ან მერინოსის სვიტერი, უბრალო, მაგრამ ლამაზად შეკერილი აბრეშუმის ბლუზა ლუქს ფუფუნების ელფერს სძენს და ნებისმიერი ლუქის იდეალური საწყისი წერტილი შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით თუ ნეიტრალურ ფერებშია.
როგორი ქალის ფეხსაცმელი უხდება Smart Casual სტილს?
ფეხსაცმლის არჩევისას ყურადღება მიაქციე ქუსლის სიმაღლეს — სწორად შერჩეული ქუსლიანი ფეხსაცმელი ამ სტილს იდეალურად ერწყმის, მაგრამ ზედმეტად მაღალი ქუსლები ხშირად ზედმეტად “გამოსასვლელ” სტილად ითვლება. ფოკუსირდი თანამედროვე და კომფორტულ მოდელებზე: ბლოკ-ქუსლები, დახვეწილი „მიულები“ და დაბალქუსლიანი მოდელები საუკეთესო არჩევანია.
შემოდგომის სეზონზე არასდროს გიღალატებს კლასიკური შუზი, განსაკუთრებით ყავისფერ ტონებში — ღია კარამელით დაწყებული მუქი შოკოლადისფერით დამთავრებული, ეს ფეხსაცმელი იდეალურად აბალანსებს „სმარტ“ და „ქეჟუალ“ სტილს. წვეტიანი ტყავის მოდელი ლუქს თანამედროვე შტრიხს შესძენს, ზამში კი — უფრო თავისუფალ განწყობას ქმნის.

2025 წელს უკვე ვიხილეთ ბალერინა ფეხსაცმლის ტრიუმფალური დაბრუნება, რაც ძალიან კარგი სიახლეა იყო smart casual სტილის მოყვარული ქალებისთვის — ეს ფეხსაცმელი ნამდვილი ქამელეონია და თითქმის ნებისმიერ გარემოში “თავის ადგილას” გამოიყურება, გარდა ძალიან მკაცრი დრეს-კოდის ღონისძიებებისა.
როგორ ავაწყოთ Smart Casual გარდერობი კაცისთვის
კაცის smart casual გარდერობი პიჯაკით იწყება — მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია, რომ საუბარი კლასიკურ კოსტიუმის პიჯაკზე არ გვაქვს. თანამედროვე ლუქისთვის შეარჩიე რბილი მხრების მქონე მოდელი, რომელიც სხეულზე ბუნებრივად დაჯდება. უპირატესობა მიანიჭე ფაქტურულ ქსოვილებს — შალი, ტვიდი, სელი — რომლებიც ვიზუალურ ინტერესს ქმნის და ნაკლებად ფორმალურია. რაც შეეხება ფერებს, მამაკაცის პიჯაკში წელს დომინირებს მუქი ლურჯი და ნაცრისფერი, რომლებიც საკმაოდ ნეიტრალურია იმისთვის, რომ თითქმის ყველა ლუქს მოუხდეს, მაგრამ შავზე უფრო თავისუფლად აღიქმება.

პიჯაკის გარდა, გარდერობი მაღალი ხარისხის, უნივერსალური ნივთებით უნდა შეავსო. ამ სტილის გარდერობისთვის აუცილებელი სხვა მამაკაცის ტანსაცმელი კლასიკური Oxford პერანგი, თხელი, ბუნებრივი ქსოვილის ნაქსოვი სვიტერები (მერინოსის ბამბა, ქაშმირი), და სადა, მაგრამ პრემიუმ ხარისხის ბამბის მაისურებია (მაგ. კლასიკური Lacoste-ის პოლოები).
როგორი კაცის ფეხსაცმელი უხდება Smart Casual სტილს?
არჩევანის სიმწირის გამო, ამ სტილის მამაკაცის ფეხსაცმლის სწორად შერჩევა ადრე ქალისაზე უფრო რთული იყო, თუმცა დღეს არჩევანი საკმაოდ გაიზარდა და სულ უფრო მეტი კაცი იცვამს smart casual სტილში.

კლასიკური ვარიანტები, რომლებიც არასდროს კარგავს აქტუალობას, არის ტყავის ან ზამშის ლოფერები, დერბი და „ჩელსი“ სტილის ფეხსაცმელები. ბოლო წლებში ამ სიას დაემატა „ლუქსის“ სტილის კედები — მინიმალისტური დიზაინის, მაგრამ მაღალი ხარისხის ტყავისგან დამზადებული მოდელები მონოქრომულ, ნეიტრალურ ფერებში. ამასთან, ამ სტილის კედები არ ნაცვლდება სტანდარტული სპორტული ბოტასებით — ისინი ზედმეტად “ქეჟუალ” ითვლება