ზაფხული და კაბა – ალბათ ძნელია, უკეთესი წყვილი წარმოიდგინო. მოდის ტრენდები მუდმივად იცვლება, მაგრამ კაბა ყველა სეზონზე ჩვენი გარდერობების უცვლელი ელემენტია. 2025 წელიც არ არის გამონაკლისი – გაზაფხულის ჩვენებების პოდიუმებიდან ქუჩებში უამრავმა საინტერესო სილუეტმა, ფერმა და ფაქტურამ გადმოინაცვლა.
ყველაზე კარგი ამბავი ისაა, რომ წელს მოდა აღარ გვკარნახობს ერთ კონკრეტულ სტილს, როგორც ეს „ჩუმი ფუფუნების“ დროს ხდებოდა. პირიქით, მთავარი მრავალფეროვნება და სტილის პერსონალიზებაა. ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს სრული თავისუფლება, მოირგო ის მოდელები, რომლებშიც თავს ყველაზე მომხიბვლელად და კომფორტულად გრძნობ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის რამდენიმე სტილი, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხოლმე.
ამ ბლოგში სწორედ ასეთ საზაფხულო კაბებს გაგაცნობთ. და თუ ჩათვლი, რომ რომელიმე მათგანი შენს გარდერობსაც მოუხდება, შესაბამის მოდელს აუცილებლად იპოვი ონლაინ მაღაზია dressup.ge-ის კოლექციაში.
პოლოს სტილის კაბა: დახვეწილი კომფორტი
პოლო იმ ჟანრიდანაა, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის. ზოგ სეზონზე უფრო ტრენდულია, ზოგზე ნაკლებად, მაგრამ მამაკაცის პოლოს მაისურის თუ ქალის კაბის დანახვაზე არავინ ფიქრობს რომ დემოდაა. მისი მთავარი ხიბლი არა ტრენდულობაში, არამედ უნივერსალურობასა და სიმარტივეშია. გადაკეცილი საყელო და მაღალი ხარისხის ბამბის ქსოვილი ქმნის სტილს, რომელიც ერთდროულად სპორტულიც არის და კლასიკურიც.
პოლოს სტილის კაბა არაა წითელი ხალიჩისთვის, სამაგიეროდ იდეალური არჩევანია იმ დღეებისთვის, როცა გინდა, გამოიყურებოდე მიმზიდველად, მაგრამ თავი იგრძნო მაქსიმალურად კომფორტულად. ის შესანიშნავია ქალაქში სეირნობისთვის, მეგობრებთან შესახვედრად ან თუნდაც არაფორმალური სამუშაო დღისთვის. ასეთია, მაგალითად, Lacoste-ს პოლოს კაბები — იფიქრე მათზე, როგორც საიმედო მეგობარზე შენს გარდერობში, ისინი ისეთი დღეებისთვისაა, როცა არ გინდა ჩაცმულობაზე დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯო — მაგრამ შენი შემხედვარე ვერავინ უნდა მიხვდეს, რომ თავის მოწესრიგებაზე ზუსტად 5 წუთი დაგჭირდა. სწორედ ამიტომ, ისეთი ბრენდების მოდელები, როგორიც Lacoste-ს კაბებია, წლების განმავლობაში ინარჩუნებს პოპულარობას – ეს არის დროით გამოცდილი ხარისხი და სტილი.
რაც შეეხება ტარების სტილის, 2025 წლის სეზონზე ასეთი კაბების „პრეპი“ სტილში ტარებაა პოპულარული. კაბას უხამებენ სადა, ღია ფერის ტყავის კედებს ან ელეგანტურ ლოფერებს და მხრებზე იხვევენ თხელ ნაქსოვ საზაფხულო სვიტერს.
ჯერსის კაბა: მაქსიმალური პერსონალიზაცისთვის
თუ პოლოს კაბა კომფორტის კლასიკაა, ჯერსის სტილის კაბა მისი ყველაზე უნივერსალური ვერსიაა — ორივე, ე.წ. „დახვეწილი საბაზისო სამოსის“ (elevated basics) ტრენდის ნაწილია. თუ პოლოს სტილს საყელო და სილუეტი განსაზღვრავს, ჯერსის შემთხვევაში მთავარი გმირი ქსოვილია – მსუბუქი, წელვადი და სუნთქვადი მასალა (ბამბა, ვისკოზა), რომელიც სხეულზე სასიამოვნოდ შეიგრძნობა და მოძრაობას არ ზღუდავს.
ჯერსის სტილი მეტად უნივერსალურია: შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის საყელო, იყოს ტანზე მომდგარი ან თავისუფალი, მინი, მუხლამდე, ან კოჭებამდეც კი. იდეალურია აქტიური დღეებისთვის, მოგზაურობისთვის ან მაშინ, როცა უბრალოდ გინდა, რაღაც კომფორტული გეცვას, მაგრამ ამავდროულად, მოდურად გამოიყურებოდა. ისეთი ბრენდები, როგორიცაა Lacoste და Calvin Klein Jeans-ის, ჯერსის საზაფხულო კაბების ფართო არჩევანს გვთავაზობენ.
წელს ხშირად ატარებენ თხელ ჯინსის ქურთუკთან ერთად, მაგრამ, როგორც წესი, მთავარ როლს ჯერსის ლუქის პერსონალიზაციაში აქსესუარები თამაშობს — კეპები, მზის სათვალეები, დიდი სამაჯურები და ა.შ — დეტალები, რომლებიც უფრო შესამჩნევი ხდება სადა კაბის ფონზე.
შემოხვეული კაბა: რაც ყველას უხდება
თუ ყოველდღიურობაში უფრო ელეგანტურ სტილს ანიჭებ უპირატესობას (ან, პირიქით, უნივერსალიზმის ფანი ხარ და თვლი, რომ, თუ საჭირო გახდა, დღის კაბით საღამოს ბანკეტზე მისვლა თავისუფლად უნდა შეგეძლოს) — მაშინ შემოხვეული კაბა შენთვისაა.
ეს თარგი ბუნებრივად გამოკვეთს წელს და რბილად ეშვება თეძოებზე, რითაც ქალურ და დახვეწილ სილუეტს აყალიბებს, ამიტომ ქალების დიდ ნაწილს უხდება.
შემოხვეული კაბა არის ნამდვილი “Swiss Army Knife” შენს გარდერობში. ის შეგიძლია ჩაიცვა დილით ოფისში კლასიკურ ფეხსაცმელთან ერთად, საღამოს კი იგივე კაბა მაღალქუსლიან სანდლებსა და ეფექტურ აქსესუარებს დაუწყვილო პაემნისა თუ წვეულებისთვის. ის სისადავისა და უნიკალური სტილის კარგი ბალანსია — არ „ყვირის“, მაგრამ შეუმჩნეველიც, დიდი ალბათობით, არ დარჩება.
ისეთი საზაფხულო ქალის კაბები, როგორსაც Marciano by Guess და Calvin Klein გვთავაზობენ, სწორედ ასეთი მრავალმხრივობით გამოირჩევა. მას ბევრი აქსესუარი არ სჭირდება – წვრილი ქამარი წელის გამოსაკვეთად და მინიმალისტური სამკაული სრულიად საკმარისია.
ასიმეტრიული კაბა: როცა გინდა, იყო განსხვავებული
თუ ტრადიციული სილუეტები ცოტათი მოგბეზრდა და მოდაში ინოვაციურ, ორიგინალურ დეტალებს ეძებ, მაშინ ასიმეტრიული კაბები შენთვისაა. არატრადიციული ჭრილები, ცალ მხარეს მოშიშვლებული დეკოლტე, მოულოდნელი დრაპირება – ეს ის ელემენტებია, რომლებიც ამ სტილს გამოარჩევს.
ითვლება, რომ ასიმეტრიული კაბა მოდაში ერთგვარი „სიურეალისტური მოცულობის“ ტრენდის ნაწილია და დიზაინერებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად გამოხატონ თავიანთი კრეატიულობა. შთამბეჭდავი და ამავდროულად მოდური სილუეტის შესაქმნელად ჭკვიანური კონსტრუქცია და გარკვეულწილად არქიტექტურული მიდგომაც კია საჭირო. იდეალურია განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, როცა გინდა, თავი გამორჩეულად იგრძნო. ქართულ მოდის სახლებს შორის კატეგორიის უპირობო ვარსკვლავია Materiel.
ჰაეროვანი, ბოჰო კაბა: რომანტიკის დაბრუნება
2023 წლის მერე ბოჰო სტილმა საკმაოდ სწრაფად აკრიფა “მეინსტრიმული” პოპულარულობა. განსაკუთრებული წვლილი ამაში ჩემენა კამალის Chloé-ს დიზაინებს ეკუთვნის. როდესაც შენიშნეს კამალის დიზაინების პოპულარობა, სხვა მოდის სახლებმაც არ დააყოვნეს ტრენდის ატაცება.
ეს სტილი ქალურობის, სინაზისა და თავისუფლების გამოხატულებაა. ის დელიკატურ და რთულ ტექსტურებზეა ორიენტირებული: ქსოვილი ჰაეროვანი, მაგრამ ნაზია, პოპულარულია ტრადიციული მაქმანები, შიფონი, აბრეშუმი და თანამედროვე, ღია ქსოვის ნამუშევრები. ხშირია ბოჰემური ან ვინტაჟური ელემენტები. თუ მსგავსი დეტალები გაინტერესებს — Vero Moda-ს შენთვის რამდენიმე საინტერესო მოდელი აქვს.
ასეთი სტილის კაბა იდეალურია ზაფხულის წვეულებებისთვის, სანაპიროზე სეირნობისთვის ან საერთოდ ნებისმიერ დროს, როცა რომანტიკული განწყობის შექმნა გინდა. 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი მიკრო-ტრენდი, „ნაქსოვი სტილი ყოველდღიურად“ (Crochet All Day), ამ სტილს კიდევ უფრო პოპულარულს ხდის. შეუხამე ვინტაჟური აქსესუარები, მაგალითად, მარგალიტის სამკაულები, ნაქსოვი ჩანთა და მინიმალისტური სანდლები, და შენი იდეალური ლუქიც მზადაა.
გაბედული პრინტები: გამოხატე შენი ხასიათი
წელს მოდა გაძლევს სრულ უფლებას, იყო თამამი! აქტუალურია 70-იანი წლების ფსიქოდელიური პრინტები, ჰიპერრეალისტური ციფრული ყვავილები, თამამი პატერნები (მათ შორის ცხოველის ტყავის იმიტაცია: ლეოპარდი, ზებრა და ა.შ.). ასეთი კაბები მათთვისაა, ვისაც არ ეშინია ყურადღების ცენტრში ყოფნის და მოდას თვითგამოხატვის ფორმად იყენებს. ამგვარი თამამი სტილით ცნობილია Desigual-ისა და VILA-ს მოდელები.
თუმცა, ასეთი ეფექტური კაბის მორგებისას არ დაგავიწყდეს ბალანსის დაცვა. რადგან კაბა თავად არის ლუქის მთავარი გმირი, ეცადე, აქსესუარები მაქსიმალურად სადა და მინიმალისტური შეარჩიო. მაგალითად, სადა საყურე და ერთი ბეჭედი, ან მხოლოდ ერთი სამაჯური სრულიად საკმარისია, რათა ლუქი არ გადაიტვირთოს და ფოკუსი სწორედ საინტერესო პრინტზე დარჩეს.