2025 წლის ზაფხულის ტოპ 5 ტრენდი: რა უნდა დაიტოვოთ გარდერობში მომავალი სეზონისთვის?
ყველამ, ვისაც მოდა გვიყვარს ვიცით, რომ ზაფხულის მოდის სეზონი ტრენდების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სოციალურ ქსელებში ყოველდღე ახალი მიკროტრენდი ჩნდება, და რამდენიმე დღეში ქრება. მაგრამ ამ ქაოსის ფონზეც კი ყოველთვის ყალიბდება რამდენიმე მთავარი, სტაბილური ტრენდი, რომლებიც სეზონსაც განსაზღვრავს და, ხშირად, ჩვენს გარდერობებში წლების განმავლობაში საპატიო ადგილს იკავებს.
2025 წლის ტრენდებში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რამდენიმეწლიანი მინიმალისტური „ჩუმი ფუფუნების“ ბატონობის შემდეგ, მოდაში მთავარი ისევ შენი ინდივიდუალიზმი, ხასიათი და, რაც მთავარია, სტილის უნიკალური შეგრძნება გახდა. წელს ზაფხულის სეზონზე ყველაზე დიდი აქცენტი საინტერესო დეტალებზე, ქსოვილების მრავალფეროვნებასა და გაბედულ თვითგამოხატვაზე კეთდებოდა. მკაცრი სილუეტები უფრო თავისუფალი და ორიგინალური თარგებით შეიცვალა — ეს გაძლევს საშუალებას, თამამად ჩაიცვა ისე, როგორც გსურს.
მთავარი კითხვა გარდერობისთვის ახალი ნივთის არჩევისას არის არა „რა არის მოდაში?“, არამედ „რომელი სტილი შემესაბამება პირადად მე?“. როგორც თავად დიადმა კოკო შანელმა თქვა: “მოდა მოდიდან გადადის, სტილი კი რჩება” (la mode passe; le style reste).
ამ ბლოგში 2025 წლის ზაფხულის სეზონის 5 პოპულარულ ტრენდს გაგაცნობთ. მათი დახმარებით შექმნი შენზე მორგებული გარდერობი, რომელიც მოდის ტრენდებსაც ფეხს აუწყობს და სტილიდანაც არასდროს გადავა. სასურველი საზაფხულო მოდელების პოვნას კი მარტივად შეძლებ ონლაინ მაღაზია dressup.ge-ზე.
პოლო უფრო პოპულარულია, ვიდრე ოდესმე
2025 წლის ზაფხულში მოდური მაისურებს შორის მთავარი სუპერვარსკვლავი ისევ კლასიკური პოლოა. გასაკვირი არცაა — მას შემდეგ, რაც რალფ ლორანმა პოლო მდიდრების სპორტული უნიფორმიდან ყველასთვის საყვარელ და უნივერსალურ სამოსად აქცია, ტრენდიდან არც არასდროს გადასულა (წლევანდელმა Oak Bluffs-ის წარმატებულმა კამპანიამ კი ლორანისეულ ესთეტიკას დამატებითი ქულებიც დაუწერა).
ვინც უნდა რამე სადა მაისურზე უფრო პეწიანს მაგრამ კლასიკურ პერანგზე ნაკლებად მკაცრს ეძებს, მისთვის პოლო იდეალური გამოსავალია — დახვეწილია, მაგრამ უბრალო, არასდროს ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ჩაცმაზე ზედმეტი ძალისხმევა დახარჯე. მისი აქტუალურობა იმდენად მაღალია, რომ პროგნოზების მიხედვით, ევროპის ბაზარზე პოლოებზე მოთხოვნა წელს 22%-ით გაიზრდება.
წელს დიზაინერებმა ქალის პოლოს დიზაინთან თამაში არჩიეს. ხშირია მომდგარი სილუეტები, დამოკლებული ჭრა და რბილი, სასიამოვნო ქსოვილები საინტერესო დეტალებით. ასეთი პოლოს მაღალწელიან კლასიკურ შარვალთან ან ჰაეროვან ქვედაბოლოსთან შეხამებას გვირჩევენ — ლუქი იდეალურია როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ისე მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად.
კლასიკური პოლო ათწლეულებია, შეუცვლელი საბაზისო მამაკაცის მაისურია, თუმცა წელს აქაც გვხვდება მცირე სიახლეები. 2025 წელს ტრენდშია სილუეტის ნაცვლად ქსოვილის ფაქტურასა და ხარისხზე აქცენტი. განსაკუთრებით ტრენდულია ნაქსოვი პოლო, რომელიც მსუბუქი სვიტრის ასოციაციას ტოვებს — ბუნებრივი ქსოვილების (მერინოსის ბამბა, სელისა და ბამბის ნაზავი) გამო ზაფხულის სიცხეშიც კი კომფორტულია.
გრაფიკული მაისურები, შენი სტილის გამოსახატად
თუ “ჩუმი ფუფუნების” სადა და მონოქრომული მაისურები უკვე ყელში ამოგივიდა, კარგი ამბავი გვაქვს – გრაფიკული პრინტები ბრუნდება! 2025 წლის ზაფხულში შენი მაისური ერთგვარი პირადი პლატფორმა გახდა, რომლითაც შემყურეებს პირდაპირ უყვები შენს გემოვნებაზე, ინტერესებსა თუ უბრალოდ, საყვარელ საჭმელზე. ეს ტრენდი განსაკუთრებით ახლოსაა Gen Z-სთან, რომლისთვისაც ავთენტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ინდივიდუალიზმის გამოხატვა ასაკს არ ცნობს.
ქალის გრაფიკული მაისურების მთავარი თემატიკა წელს ხელოვნება და ბუნებაა. ქალის მაისურებში განსაკუთრებით პოპულარულია მინიმალისტური ცხოველების კონტურები ან კლასიკური ყვავილოვანი პრინტები. ძალიან აქტუალური გახდა კულინარიული მოტივები (მადლობა ტიკ-ტოკს) — როგორც რომანტიკული პარიზული სადილის ან იტალიური ტრატორიის სცენები, ისე მყვირალა ფერადი ფასტ-ფუდი თუ სხვა საკვები (ხშირად ასეთ მაისურებს ჩაცმულობაში იუმორისა თუ ირონიის დეტალების შესატანად იყენებენ. უხამებენ როგორც კლასიკურ ჯინსებს, ისე უფრო ელეგანტურ ჩაცმულობას, მაგალითად სატინის ქვედაბოლოს).
მამაკაცის მოდა ამ სეზონზე განსაკუთრებით გამოირჩევა მრავალფეროვანი გრაფიკული გამოსახულებებით: პოპულარულია ვინტაჟური ხილის ილუსტრაციები, რეტრო სტილის პრინტები და საკვები — ყავის, პიცისა და კოქტეილების მოტივები. შეუცვლელ კლასიკად რჩება რეტრო მანქანები და მოტოსპორტის ესთეტიკა. მამაკაცის ტანსაცმელში დომინანტური სილუეტი კვლავ „ოვერსაიზია“ – ჩამოშვებული მხრებით, განიერი, სწორი ფორმით და დაგრძელებული კიდით, რომელიც ერთდროულად კომფორტული და თანამედროვეა.
ქსოვილების მრავალფეროვნება
2025 წელს სამოსი უნდა იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ შესახებადაც სასიამოვნო. თუ წინა წლებში აქაც „ჩუმი ფუფუნება“ წერდა კანონებს და სადა ქსოვილები — ბამბა და სელი — დომინირებდა, წელს მზარდი პოპულარობით სარგებლობდა მაქმანი, ნაქსოვი დეტალები და ჰაეროვანი, გამჭვირვალე ქსოვილები (და, სოციალურ ქსელებს თუ დავუჯერებთ, ეს ტრენდი არსად წასვლას არ აპირებს). განსაკუთრებით აქტუალურია ბოჰო სტილი, რომელიც ფერებისა და ფაქტურების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
2025 წლის ზაფხულის ქალის ტანსაცმელი ტექსტურების ზეიმია. მოდის კვირეულებზე ბევრჯერ ვიხილეთ სრულად მაქმანის მოდელები, და ჰაეროვანი კაბები თუ ქვედაბოლოები, ისეთი ქსოვილებისგან, როგორიცაა შიფონი, ტიული და ორგანზა. პოპულარულია ასევე ექსპერიმენტალური შეხამებები — მაგალითად, ნაქსოვი სამოსი, რომელიც 3D ყვავილებითაა გაფორმებული, ან დაწნულია ულტრა თხელი ქსოვილებიდან.
ეს ტენდენცია კაცების მოდაშიც აქტიურად ჩანს, სადაც პოპულარულია თხელი ნაქსოვი ან ბადისებრი ქსოვილის პერანგები. ისინი ერთის მხრივ იდეალურია ზაფხულის სიცხისთვის, რადგან კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, მეორე მხრივ კი ერთგვარი ვიზუალური ილუზია იქმნება. ბევრი მათ სადა მაისურს უწყვილებს და ღილებგახსნილს ატარებს, ან საერთოდ არაფერს იცვამს ქვეშ, რაც მეამბოხის ეფექტს ქმნის.
„გრძელი“ ქვედატანების დაბრუნება
თუ ბოლო რამდენიმე სეზონი Miu Miu-ს წყალობით ულტრამოკლე შორტები და ქვედაბოლოები მოდის მწვერვალად ითვლებოდა, 2025 წლის ზაფხულში მოდაში უფრო გრძელი, მუხლამდე სილუეტები ბრუნდება.
ქალებისთვის სეზონის მთავარი ჰიტი ბერმუდის სტილის, მუხლამდე შორტია. ისეთი მოდის სახლები, როგორებიცაა Dior და Kallmeyer, მუხლს ქვემოთ ჩამოგრძელებულ მოდელებსაც კი გვთავაზობენ. ბერმუდა შორტის მთავარი ხიბლი მის უნივერსალურობაშია – მოირგე ის პიჯაკთან და ლოფერებთან ერთად ოფისისთვის, ან სადა მაისურსა და სანდლებთან ერთად – ყოველდღიურად.
საინტერესოა, რომ კაცების მოდაში ყველაფერი პირიქითაა – შორტების სიგრძე რადიკალურად მცირდება. ისეთი ბრენდების წყალობით, როგორებიცაა Gucci, Wales Bonner და Dior, მოკლე შორტი სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. ეს თამამი, თავდაჯერებული და სხეულის ფორმების გამომკვეთი სტილი მათთვისაა, ვისაც არ ეშინია ქუჩაში თვალი გააყოლონ.
კუბოკრული ქსოვილები (ე.წ. ტარტანი)
ვინ თქვა, რომ კუბოკრული პრინტი მხოლოდ ცივი სეზონისთვისაა? 2025 წლის ზაფხულის ყველაზე მოულოდნელი და გაბედული ტრენდი სწორედ ტარტანის დომინაციაა. ეს პრინტი წლების განმავლობაში შემოდგომის კლასიკად ითვლებოდა, დიდწილად Burberry-ის ლეგენდარული ტრენჩების გამო, თუმცა წელს დიზაინერებმა ის სრულიად ახლებურად გადაიაზრეს.
მძიმე შალი და ფლანელი მსუბუქმა, სუნთქვადმა ქსოვილებმა, ბამბამ და სელმა ჩაანაცვლა. ტრადიციული მუქი ტონები კი — ზაფხულის მკვეთრმა და ჰაეროვანმა პალიტრამ: პასტელის მარწყვისფერი, ფისტასფერი, ლავანდისფერი და მზის ჩასვლის ფერები — ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი — განსაკუთრებით პოპულარულია. ეს ტრენდი უნივერსალურია, ქალების და კაცების ტანსაცმელში თანაბრად გვხვდება. 90-იანი წლების ნოსტალგიისა და გრანჟის ესთეტიკის ერთგვარი ნაზავია, რომელიც ზაფხულის კონტექსტში მისთვის ახლებური ეფექტი აქვს.