7 მიზეზი, რატომ უნდა აირჩიოთ ორიგინალი ბრენდები

მიკიბ-მოკიბვის გარეშე დავიწყებთ — დღეს ე.წ. “ფეიკების” და “დუპების” კულტურა ისე პოპულარულია, როგორც არასდროს. უშუალოდ ბრენდის ლოგო უკვე თითქოს აღარაფერს ნიშნავს. შანელის კლასიკური ჩანთით თუ ჰერმესის ბირკინით ქუჩაში უამრავი ადამიანი მოძრაობს — თუ ადრე ლოგო ბევრი ადამიანისთვის სტატუსის სიგნალი იყო, დღეს, პირიქით, “ლოგომანია” დაბალ ტონად ითვლება, არა უკანასკნელ რიგში იმიტომ, რომ “ფეიკებმა” ლოგოები გააუფასურეს.

და თუ ავთენტური ორიგინალი ნივთის ყიდვა სტატუსის ინდიკატორი აღარ არის, მაშინ რატომ უნდა დავხარჯოთ მასზე ზედმეტი? შანელის ორიგინალი 2025 წელს $10,000 მეტი ღირს, ხოლო იგივე ჩანთა დუპების ვებსაიტზე $200 შეგიძლია იყიდო. ჩვენ გვჯერა, რომ სტილი შენი ხასიათის გაგრძელებაა. 

ამ ბლოგში ვეცდებით სიღრმისეულად ავხსნათ, რატომ გვჯერა, რომ ორიგინალ მოდელებში ინვესტიცია დღესაც ღირს და — მეტიც — უმეტეს შემთხვევაში სრულიად ამართლებს თავს. და თუ დაგარწმუნეთ, მაშინ გვეწვია ონლაინ მაღაზია dressup.ge-ზე — ჩვენთან მსოფლიოში ცნობილი ბრენდების უამრავ ავთენტურ მოდელს აღმოაჩენ.

მომგებიანი Cost-Per-Wear (CPW): ორიგინალი ამართლებს ფასს

ერთი შეხედვით, “ფეიკი”, როგორც წესი, უფრო იაფია და იაფიანი სამოსის ყიდვა ბიუჯეტისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს არა? მაგრამ მოდი, ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ. ნებისმიერი ნივთის რეალური ღირებულება მისი საწყისი ფასით კი არ იზომება, არამედ იმით, თუ რამდენჯერ შეძლებ შემდეგ მის გამოყენებას. ამას Cost-Per-Wear (CPW) ჰქვია — ანუ, რა გვიჯდება სამოსის ერთი ჩაცმა. 

წარმოიდგინე, ერთის მხრივ კარგად შეკერილი მამაკაცის ჯინსი, რომელიც ერთი შეხედვით ძვირი ჩანს, მაგრამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ფორმასა და ხარისხს, იმ შემთხვევაშიც კი თუ კაცს აქტიური ფიზიკური სამუშაო აქვს. მეორეს მხრივ კი იაფი და უხარისხო ჯინსი, რომელიც უხეში შეხებისთანავე გაირღვევა და რამდენიმე ჩაცმის შემდეგ უკვე ახლით უნდა ჩანაცვლდეს.

რადგან “ფეიქების” შექმნის მთელი იდეა ისაა, რომ მყიდველი “ლოგოს” ხელმისაწვდომობით შეიტყუონ, მათი აბსოლუტური უმეტესობა ყველაზე იაფი შესაძლო მასალებით მზადდება, და, ხშირად, რამდენიმე ჩაცმისა და გარეცხვის შემდეგ უკვე აღარ გამოდგება სატარებლად. არადა, ისეთი ბრენდები რომლებიც ჯინსებში სპეციალიზდებიან (მაგალითად, Levi’s, Wrangler ან Mavi) სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ წლობით ატარო..

ხარისხის გარანტია: ბრენდები აკონტროლებენ როგორც მასალას, ისე მოდელს

და რადგან CPW ვახსენეთ, აუცილებლად ისიც უნდა ვახსენოთ, რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ მიუხედავად წინასწარი დიდი ინვესტიციისა, დროთა განმავლობაში ჩვენს ფულს სრულად ავინაზღაურებთ ნივთის მრავალწლიანი მოხმარებით. ავთენტური ბრენდები საკუთარ რეპუტაციას წლების განმავლობაში აშენებენ — პრემიუმ მასალები და წარმოების მკაცრი კონტროლი კი ასეთი რეპუტაციის საყრდენია. 

ბრენდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა მიიღოს პროდუქტი, რომელიც მათ სახელს კარგად წარმოაჩენს. რასაკვირველია წარმოებაში შეიძლება ნაკლიც გამოჩნდეს, მაგრამ, როგორც წესი, ორიგინალ სამოსს თანაბარი და დახვეწილი ნაკერები აქვს, ხოლო მის ასლებს ხშირად აცდენილი გვირისტები, უსწორმასწორო კიდეები და წებოს კვალი. 

ეს განსხვავება განსაკუთრებით შესამჩნევია საბაზისო ნივთებში, როგორიც სადა ქალის მაისური ან მამაკაცის სვიტერია — ისინი, როგორც წესი, ზედმეტი ელემენტებით არაა გამდიდრებული, ამიტომ უხარისხო თარგი ძალიან მარტივი შესამჩნევია. ისეთი ბრენდები, როგორც Calvin Klein ან Tommy Hilfiger საბაზისო მოდელებსაც კი მაღალი ხარისხის მასალებისგან ამზადებს და მკაცრად აკონტროლებს — ამიტომ მომხმარებლის თვალშიც ნდობით სარგებლობს.

გამოცდილება მნიშვნელოვანია: ოსტატობის გრძელი ისტორია

ბრენდები, რომლებსაც ათწლეულების (ზოგჯერ კი საუკუნეზე მეტი) ისტორია აქვთ, ტანსაცმელს დიდ მემკვიდრეობაზე — და, შესაბამისად, გამოცდილებაზე — დაყრდნობით ქმნიან. ეს გამოცდილება ყველა დეტალში ჩანს — იქნება ეს უნიკალური ჭრა თუ მასალის დამუშავების ტექნიკა, რასაც იაფიანი ასლების მწარმოებლები უბრალოდ ვერ იმეორებენ. 

ჯინსის სამყარო ამის საუკეთესო მაგალითია. როცა ირჩევ, მაგალითად, კლასიკურ ქალის ჯინსს, ყოველთვის შეგიძლია ენდო ისეთ ბრენდს, როგორც Lee, თავისი „Lazy S“ ნაკერით, რომელიც 1889 წლიდანაა ბიზნესში ან Wrangler, რომელიც ბაზარზე 1947 წელს შემოვიდა სწორედ იმ გათვლით, რომ უკვე საკმაოდ გაჟღენთილი ბაზრის დაპყრობას ხარისხიანი და კომფორტული მოდელებით შეძლებდა — და უკვე თითქმის 80 წელია აქტუალობას არ კარგავს. 

ავთენტური მოდელები ხშირად ინოვაციური მასალებითა და ტექნოლოგიებით გვანებივრებს

ეს განსაკუთრებით სპორტულ სამოსსა და ფეხსაცმელში ჩანს — განსხვავება ორიგინალსა და მის ასლს შორის მხოლოდ ხარისხის კი არა, ფუნქციურობისა და უსაფრთხოების საკითხიცაა. ავთენტური ბრენდები მილიარდებს ხარჯავენ კვლევასა და განვითარებაში, რათა შექმნან ტექნოლოგიები, რომლებიც აუმჯობესებს კომფორტს, იცავს სხეულს და გვეხმარება უკეთესი შედეგების მიღწევაში. 

უხარისხო მასალის გამო, ყალბი სპორტული ფეხსაცმელი ვერ უზრუნველყოფს საჭირო მხარდაჭერას, რაც ზრდის ტრავმის რისკს. დიდმა სპორტულმა ბრენდებმა როგორებიცაა Nike, Adidas და Puma, თავიანთი ბრენდები დიდწილად მუდმივი ინოვაციების დანერგვაზე ააგეს — მაგალითად, Nike-ის მიერ 1979 წელს წარმოდგენილმა Air ტექნოლოგიამ ფეხსაცმლის ამორტიზაციის სისტემა სამუდამოდ შეცვალა, ხოლო Adidas-ის FUTURECRAFT.LOOP ფეხსაცმელი სრულად გადამუშავებადია.

"ფეიკების" ტარება შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს

„ფეიკების“ ინდუსტრია ყოველგვარი რეგულაციისა და კონტროლის მიღმა ოპერირებს. ეს ნიშნავს, რომ არავინ ამოწმებს, რა მასალები გამოიყენება წარმოებისას. მოგებაზე ორიენტირებული მწარმოებლები ხშირად იყენებენ იაფფასიან, მაგრამ ჯანმრთელობისთვის საშიშ ქიმიკატებს. 

კვლევებით დადასტურდა, რომ მაღალია შანსი ყალბი პროდუქცია, მათ შორის ნივთები რომელსაც ძალიან ხშირად ატარებ, მაგალითად, კაბა რომელიც სამსახურში გაცვია, შესაძლოა შეიცავდეს მძიმე მეტალების ნაწილაკებს, მაგალითად ტყვიის, ვერცხლისწყალის ან კადმიუმის.

ასევე, იაფფასიან ქსოვილებში გამოყენებული საღებავები ხშირად შეიცავს ფორმალდეჰიდსა და აზო-საღებავებს, რომლებიც მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებში სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, გაღიზიანებასა და სიწითლეს იწვევს.

ავთენტური ბრენდული სამოსი არა მხოლოდ ხარჯი — ინვესტიციაცაა

ორიგინალ ბრენდულ სამოსს, გააჩნია ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა — მეორადი ღირებულება. ცნობილი ბრენდის ნივთის, მაგალითად, კლასიკური ხარისხიანი ქალის შარვლის გაყიდვა ყოველთვის შესაძლებელია, თუ ის კარგად შენახულია — რაც შენს თავდაპირველ დანახარჯს ნაწილობრივ აბალანსებს. მეტიც, ზოგჯერ ისინი განსაკუთრებით მოთხოვნადიც კი ხდება. ასეთია ვინტაჟური Levi’s ჯინსები 70-80-იანი წლებიდან — დღეს ისინი ბევრი მოდის მოყვარულის სანადირო ობიექტიც კია.

გარდა ამისა, ორიგინალის შეძენისას შენ იღებ გარანტიას. თუ ნივთს ქარხნული წუნი აღმოაჩნდება, ბრენდი მის შეკეთებას, შეცვლას ან თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფს. ყალბი პროდუქტის შემთხვევაში კი ნებისმიერი დეფექტი სრული ფინანსური ზარალია.

ორიგინალს ყოველთვის მეტი პოზიტიური გავლენა აქვს ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე

ჩაცმულობას ჩვენს განწყობასა და თავდაჯერებულობაზე უდიდესი გავლენა აქვს. როცა იცი, რომ გაცვია ხარისხიანი, ავთენტური ტანსაცმელი, ეს შინაგანად გაძლიერებს. ამასთან, ამჟამად არსებული კვლევები ამტკიცებენ, რომ „ფეიკის“ ტარებას შესაძლოა ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს — ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ატარებდნენ ყალბ პროდუქციას, თავს ნაკლებად ავთენტურად გრძნობდნენ და მეტი მიდრეკილება ჰქონდათ არაეთიკური ქცევისკენ. 

ამასთან ბრენდი, შესაძლოა იდენტობის ნაწილიც იყოს — მაგ. როგორებიცაა Calvin Klein ან G-Star Raw თავიანთი სტილით კონკრეტული არქეტიპებს ასახიერებენ. 

როცა მათ პროდუქტს ვყიდულობთ, რეალურად, ვყიდულობთ არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ იმ ღირებულებებსა და სტილს, რასთანაც ასოცირება გვინდა. რა ბრენდის მაისური გაცვია, ნაწილობრივ საზოგადოებისთვის განკუთვნილი გზავნილია — და, ნაწილობრივ, შენი საკუთარი თავისთვის. და, თან ავთენტური ნივთის ფლობა ყოველთვის უფრო პოზიტიურად აისახება შენს თვითაღქმაზე.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას