Hummel - ანუ ოქროს კვეთა სპორტულ და ყოველდღიურ სტილს შორის

ადევნებდი თვალს იანვრის დრესაპულ მოვლენებს? მაშინ უკვე გეცოდინება, რომ გერმანული ფესვების მქონე დანიურ ბრენდს, ჰუმელი, ჩვენი ჯგუფის პორტფელშია. ჰუმელი კი მეტად საინტერესო და ისტორიულ ამბებს ინახავს. დღევანდელ ბლოგში შევეცდები იმ ფორმულის შესახებ გესაუბრო, რომელიც ყოველ წამს, მუსიკასავით, ფონად გაჰყვება ბრენდს.
სპორტული ტანსაცმლის დინამიკურ სამყაროში, რამდენიმე ბრენდი თუ ახერხებს სრულყოფილი ბალანსის დაცვას. ჰუმელი გაჟღენთილია ინოვაციებით, საკუთარ მომხმარებელზე ზრუნვითა და სიყვარულით, რომელიც ხან ერთ, ხან მეორე, ხან კი მესამე სპორტში აღმოცენდება. და მაინც რა იყო ის გამოკვეთილი ნიშა? ორი ტეხილი? ფუტკარი, გნებავთ ბაზი? ვნახოთ რა იქნება ამ განტოლების პასუხი.

პირველი უცნობი, X - სპორტული მემკვიდრეობა და საწყისები

ჰუმელის ფესვები (ამჟამად არამათემატიკური ფესვი) 1923 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ალბერტ მესმერმა და მისმა ძმამ მაიკლმა ბრენდს ჩაუყარეს საფუძველი. თავდაპირველად ისინი ფეხბურთის ბუცების წარმოებაში იყვნენ სპეციალიზებული, შემდგომ მალევე მოჰყვა შორტებისა და ზედების, ისევე როგორც სპორტული ეკიპირების სხვადასხვა მოდელის გამოშვება. ნიშური და იმ პერიოდისთვის ინოვაციური დიზაინი დამზადების ხარისხში გამოვლენილ ოსტატობასთან აიხლართა, რეცეპტში კი ის საიდუმლო ინგრედიენტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელმაც ბრენდს სახელი სპორტსმენებში გაუთქვა - ამ პატარა მიქსტურას კი პრინციპებისადმი ერთგულება ჰქვია.

მეორე უცნობი, Y - მოდაში შერწყმა

ბოლო წლებში ჰუმელმა თავი დააღწია სპორტულ იდენტობაში ჩაკეტილობას და მოდის სამყაროში შეაბიჯა. თავისი გამომწვევი დიზაინებით, ცოცხალი ფერებითა და რეტრო-ინსპირირებული ესთეტიკით, მალევე შეძლო ფეხი ზემოხსენებულ დარგში მოეკიდებინა (და მოიკიდა ფეხი პირდაპირი მნიშვნელობით, ფეხსაცმელების კოლექცია ხომ არაჩვეულებრივი აქვთ). დღეს უკვე საკუთარი წილი გამოცდილება და პატივისცემაც აქვთ მოპოვებული. ბაზარზე ხომ ისედ გიგანტებს ეჯიბრებიან, რომელთა სახელებსაც მე არ გეტყვი, მაგრამ გულში მჯერა რომ ისედაც გაგახსენდებოდა. (გულსა და გახსენებას თუ ჩავუღრმავდები, ჩემი მეგობრის სიტყვებიც უნდა მოვიშველიო, ჰუმელზე გემრიელი ჯერ არაფერი გამომიცდიაო)

ორი მეტობის ნიშანი, >> - ანუ ჰუმელის ლოგოს მკაცრი ჭეშმარიტება

ჰუმელის ფესვები გერმანული ენიდან მოდის და ქართულ ენაში კი ფუტკარის, უფრო ზუსტად კი ბაზის სახელით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. ორი ტეხილიც მათ ლოგოზე სწორედაც რომ ფუტკრის ფრთებს განასახიერებს, რომელმაც დროთა განმავლობაში საკულტო მნიშვნელობა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ტეხილები სამხედრო ნიშან შევრონსაც განასახიერებს, ინდუსტრიისთვის სახელოვნად გატარებული წლები კი ბრენდს მართლაც ბევრი დაუგროვდა.

X+Y = ? - მაინც რა არის ოქროს კვეთა?

რეალ მადრიდი, ტოტენჰემი, ასტონ ვილა, საუთჰემპტონი, ბენფიკა. ნაცნობი სახელებია? იქნებ სხვა სპორტიდან გსურთ? კალათბურთში ტენერიფე, რაგბიდან გასული წლის ბრიტანეთის ჩემპიონები, უიგან უორიორსი, ხელბურთიდან კი… ხელბურთიდან თითქმის ყველა გუნდი თუ ნაკრები. იცით რა საერთო აქვთ? დიახ, დიახ, ზუსტადაც, ერთ დროს თითოეულ მათგანს ჰუმელის შეკერილი ფორმები ეცვათ.
თუმცა რთულია გავიხსენოთ, რომელიმე „სელებრითი“, რომელიც ჰუმელის სახე ყოფილა. ეს ერთი შეხედვით არც ისე სახარბიელო ამბავი კი ძალიან მარტივად აიხსნება. ჰუმელს უყვარს თავისი ხალხი. მათ კამპანიებში შეხვდებით ადგილობრივ მეხანძრეს, რომელმაც ადამიანები სიცოცხლეს გადაარჩინა, დიჯეის, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა დიდ სცენაზე, პოლიციელს, მზარეულს, მასწავლებელს… სია უსასრულოდ გრძელდება, ისევე როგორც ჰუმელის სიყვარული საკუთარი მომხმარებლისადმი.

ამ ორ ფაქტს კი რა საერთო აქვს ერთმანეთთან? ერთ სამყაროში, ერთ განზომილებაში შეუძლიათ არსებობა. ჰუმელისთვის ყოველდღიური სტილის ჩამოყალიბება არ გამორიცხავს სპორტული სტილის განვითარებას და მეტიც, არც მათი შერწყმა-შერევაა უცხო.
მეტსაც გეტყვი, ასე ამბობენ ყველა ადამიანი ვინც ცდილობდა ათლეტიზმის გადაკვეთა ეპოვა თანამედროვე სტილთან, ჭეშმარიტების საპოვნელად ჰუმელამდე მივიდაო.
და უფრო მეტსაც… ჰუმელი ამ პასუხის გამოსათვლელად გამუდმებით თანამშრომლობს მხატვრებთან, დიზაინერებთან, კულტურაში გარკვეულ ხალხთან (და ხანდახან უბრალოდ კარგ ადამიანებთანაც), რადგან ექსკლუზიური კოლაბორაციები შექმნას. გაგიკვირდებათ და აღნიშნული კოლექციები სხვადასხვა კრეატიული თუ ინოვაციური მიდგომით კვლავაც და კვლავაც სპორტსა და მოდას აერთიანებს.

სწორი პასუხი - წინ მომავალში!

ჰუმელი გამუდმებით მზად იყო, ჰუმელი ახლაც ფორმაშია და მომავალშიც ჩასაფრებულია ის შთაგონება აღმოაჩინოს, რაც მომავალ თაობებს მოხიბლავს. მე მხოლოდ გირჩევთ ყურადღებით იყოთ, რადგან მოედანზე, ქუჩებში, ასაფრენ ბილიკზე, ჰაერში, მაღაზიის ვიტრინებში თუ სხვაგან - ჰუმელი ყველგან დატოვებს თავის ნიშანს. და შენ? შენ როდის უნდა გამოცადო რა გემო აქვს ორმაგი ტეხილის ტარებას? იქნებ ზუსტად ეს ინგრედიენტია პასუხი ამ სპორტულ-მოდური განტოლებისთვის. იფიქრე, იფიქრე, მე მომავალ ბლოგამდე გემშვიდობები!

© ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას