ფერეიდანი საქართველოში

400 წელი გავიდა მას შემდეგ რაც შაჰ-აბასმა კახეთ-ჰერეთის მიწებიდან მოსახლეობა ისპაანის რეგიონისკენ გადაასახლა. ალბათ მაშინ ვერც იფიქრებდა მეორე საქართველოს შექმნას რომ უწყობდა ხელს. გისაუბრიათ ფერეიდნელ ქართველთან? წარმოგიდგენიათ მაინც? მათ სიტყვებში, მათ საუბარში, მოჩანს პატივისცემა და მოწიწება ქართულის მიმართ, თითქოს თავს უკრავენ თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას და შემდეგ უფრთხილდებიან, ჩვენ საამაყო ენას რაიმე ხომ არ ვაწყენინეთო. სწორედ ამ წრფელი, სადა დამოკიდებულით შეძლეს და ძველქართული დღემდე შეინარჩუნეს.
ჩვენთან, დრესაპში, მცირე ფერეიდნის, უფრო ზუსტად კი „მარტყოფის“ აღმოჩენაა შესაძლებელი. ეს ამბავი ერთი კონცერტიდან იწყება და შემდგომ და შემდგომ ღრმად იტოტება, თითოეულ ტოტს კი თავისებურად ლამაზი და თან ბედნიერების ცრემლნარევი ისტორია მოჰვება…

პირველი ნაბიჯები საქართველოსკენ

სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ბ-ნი ზვიად ტომარაძე ფერეიდანში გაემგზავრა. ბევრი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც მოახერხა და გზად 200 წიგნი, მთელი რიგი სახელმძღვანელოები და მათ შორის რამდენიმე „დედა ენაც“ ჩაუტანა ადგილობრივებს. სწორედ ასე, ქართულის ანა-ბანასთან ერთად გაჩნდა იდეა მოწყობილიყო სპეციალური ტურები ფერეიდნელებისთვის, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები თავიანთ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდებოდნენ. ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილი იყო სპეციალური აქტივობებიც, რომლის ბოლოსაც დაბრუნებულ ქართველებს კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ…

ჩვენი მეგობრები

პროექტის ფარგლებში დაგროვებული ცოდნა ლამაზ ამბებად გარდაიქმნებოდა. რა აღარ გაგიხარებდათ გულს, საქართველოს ჰიმნი თუ ქართული ცეკვა. ერთ-ერთ პირველ კონცერტზე, დრესაპ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, ქალბატონი ლელა სამხარაძეც აღმოჩნდა და ასე ჩაეყარა მეგობრობას საფუძველი. რისკი გაჩნდა, რომ მომდევნო ტურები ვერ ჩატარდებოდა. სპონსორობა დრესაპ ჯგუფმა ითავა და ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება. ჩვენს ფილიალებში არაერთ ფერეიდნელს შეხვდები. საკუთარი ქართველობით კი ნამდვილად შეუძლიათ გაგაოცონ.

როგორია სხვა საქართველო

„თუ ცისარტყელას ქვეშ გაივლი, გურჯისტანში დაბრუნდები…“ ანა კალანდაძეს, მისდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, გავბედავ და ვუპასუხებ, სხვა საქართველო ზუსტადაც რომ ფერეიდანშია. მარტო ის ფაქტი რად ღირს, 400 წლის მანძილზე არცერთ ქართველს, ქართველი რომ არ მოუკლავს. ერთი საინტერესო ამბავიც მოვისმინე - ჩვენებურს, თურმე ტექნიკის მაღაზია ჰქონია და ირანელისთვის კომპიუტერი არაფრის დიდებით არ მიუყიდია, ეს ადამიანი საქართველოს პატივს არ სცემს და არ იმსახურებსო. და როგორ შეინარჩუნეს ენა? თურმე თუკი პატარა ბავშვი რაიმეს ითხოვდა, სულ რომ საჭმელი თუ სასმელი ყოფილიყო, სანამ ქართულად არ იკითხავდა, იქამდე ოჯახის წევრები ყურსაც არ ათხოვებდნენ ხოლმე. და როგორ შეინარჩუნეს ქართველობა? დიდი სიყვარულით, ერთმანეთის გატანით, უკან დაბრუნების მუდმივი სურვილით და კაცმა რომ თქვას სწორედ იმ ყველაფრით რაც ქართველობაზე გაგახსენდებათ.

პირველად საქართველოში

400-წლიანი ლოდინი, დიდი სურვილები, მშობლების ოცნებები და თაობა, რომელმაც საქართველოს ნახვა შეძლო. 2016 წელს პირველი ტური შედგა, რომელიც შემდგომში კიდევ მრავალჯერ გამეორდა. როგორც გითხარით, სწორედ ასე დაუმეგობრდა დრესაპი ფერეიდნელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩამოდიოდნენ მცირე ჯგუფები და ერთი თვის განმავლობაში პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდნენ. სპეციალურ საგნებს შორის ქართულ წერასა და კითხვას (მათთან ენა ზეპირსიტყვიერადაა შემორჩენილი) შეხვდებოდით. იქვე ისწავლებოდა ცეკვა, სიმღერა და ფანდურზე დაკვრა, ისევე როგორც ისტორია და ქართული ტრადიციული კერძების მომზადება. თითოეულ მონაწილეში იგრძნობოდა მოტივაცია არა მხოლოდ სწავლის, არამედ დარჩენის და პოეზიის დედოფლის შემდეგ, ქართველ მეფესაც თუ მოვიშველიებ, ცვრიან მამულზე ფეხშიშველა გავლისაც კი.

რა ხდება დღეს, იქ და აქ

ჩვენმა თანამშრომელმა გვანცა გუგუნანმა გვაცნობა - ირანის ჩვენებურ მხარეში, რამდენიმე სკოლაში ქართული ენის სწავლება უკვე დაიწყესო. მისგანვე შევიტყვე მარტყოფისა და თორელის, ისევე როგორც სოფლების, ვაშლოვანის, ჩუღურეთის, აღჩასა და დაშქასანის შესახებ. ყველაზე მეტად კი ერთი ამბავი დამამახსოვრდა, ბებიაჩემმა სულ არ იცოდა სპარსული და ისე იცხოვრა, ერთხელაც კი უღალატია ქართულისთვისო. საბედნიეროდ, მიუხედავად რიგი გართულებებისა, რომელსაც რიგი პოლიტიკური მიზეზები იწვევს, მრავალი ფერეიდნელი მაინც ახერხებს და საქართველოში ცხოვრობს. 30 000 ადამიანი, ზუსტი ცნობები არ არსებობს, მაგრამ დაახლოებით ამ რაოდენობის ქართველია ფერეიდნის მხარეში. და ზუსტად ეს 30 000 ადამიანი ელოდება საკუთარ შანსს, დაბრუნდეს სამშობლოში და დაბრუნდეს სამუდამოდ. აქ ჩამოსულებსა და უკან დაბრუნებულებს სიცოცხლითაც კი გაურისკავთ… თუმცა რა გვიკვირს, ფერეიდნელებისთვის ხომ ოცნებები მუდმივად არსებობდნენ, მე კი მგონია, რომ ყველა ამ ოცნებაში შეიძლება საქართველოს აღმოჩენა.

ფე-ფე - ანუ, ფეხბურთი და ფერეიდანი

ბოლოს კიდევ ერთ ჩვენებურ ამბავზეც უნდა მოგითხროთ. წლის დასაწყისში დრესაპ ჯგუფი სამოყვარულო გუნდის - „ფესვების“ სპონსორი გახდა. ანტონი იოსელიანის (და დიახ, იოსელიანის გვარი უცვლელი ფორმით შენარჩუნდა ფერეიდანში, რიგი ქართული გვარები კი ოდნავ სახეცვლილი ფორმებით არსებობენ) და მაჰმუდ მანსურის ხელმძღვანელობით „მასტერ ლიგაში“ ფერეიდნული გუნდიც ასპარეზობს, რომელიც ადგილობრივებისა და სამშობლოში დაბრუნებულებითაა დაკომპლექტებული. მაჰმუდთან საუბრის შემდეგ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ არა მხოლოდ მათ ენატრებოდათ სამშობლო 400 წლის განმავლობაში, არამედ ჩვენც ჩვენი მნიშვნელოვანი ნაწილი გვაკლდა. უამრავი პოზიტივი, პატივისცემა და გამხნევება - სწორედ ამას გრძნობს გუნდი თითოეული თამაშისას. დროის გასვლასთან და ვარჯიშთან ერთად კი გეგმებიც გაეზარდათ, სურთ მესამე ლიგიდან უფრო და უფრო მაღლა დაწინაურდნენ.

პ.ს. ბოლოთქმა ავტორისგან, რა ვიგრძენით ჩვენ თითოეული დიალოგისას

მას შემდეგ, რაც გავიგე ფერეიდნელებზე, ჩვენებურებზე, უნდა დამეწერა, რაღაც აღმაფრთოვანებელი განცდა დამეუფლა. კი ვიცოდი, დრესაპულ ქართველობას დიდი ისტორია აქვს, სულ მალე ხომ ორი წელი შესრულდება, რაც ჩვენ და მოძრაობა „არა ბარბარიზმები!“ დავმეგობრდით. ქართული წარმოების ხელშეწყობის ამბავიც ვიცოდი, უკვე მესამე წელია რაც ფეხსაცმლის საწარმო გავხსენით, მაგრამ… წერა როგორც დავიწყე, რაღაც ისეთი აღმოვაჩინე, რაც ემოციურად ძალიან ახლოს იდგა სისხლის ყივილთან. პირველი დიალოგი, რომელიც გვანცასთან შედგა, რად ღირს, თითოეული მოსმენილი, სულ უბრალო სიტყვაც ხომ დადებით ემოციებს აღძრავდა ჩემში. და ამ დროს მარტო არ ვიყავი, ჩემს გვერდით მყოფებთან გაზიარებული ამბებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველას ჟრუანტელი გვივლიდა ისტორიების მოსმენისას, რომ თურმე ცრემლიც გვებჯინებოდა. მთელი ეს დრო, სანამ გავასრულებდი წერას, ყველას ვესაუბრე ფერეიდანზე, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ერთი-ორ უცნობსაც კი და ბოლოს მივხვდი…
არცერთს, არც ქართველებს აქ და არც ქართველებს იქ, ერთმანეთი არ დაგვიკარგავს. გულის სიღრმეში, გულის დაფარულ ადგილში ვინახავდით და ვატარებდით ერთმანეთს. და მჯერა, რომ ერთ დღესაც ცისარტყელას ქვეშ ყველა გავივლით და „გურჯისტანი“ თითოეულს გამოუნახავს საკუთარ ადგილს!

© ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას